საზოგადოება
ივანიშვილი თავის გუნდზე გულაყრილია – რომელი პოლიტიკური ძალა გადაიბარებს ხელისუფლებას? (რუსუდან კაციტაძე. Sputnik-Georgia)

     საქართველო, 31 ივლისი, საქინფორმი. მმართველი პარტიის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის საზოგადოებრივ არხზე ოთხშაბათს შემდგარი ინტერვიუს შემდეგ ნათელი გახდა, რომ ქვეყნის მმართველ გუნდში სერიოზული დაპირისპირებაა და უახლოეს ხანებში რადიკალური ცვლილებებია მოსალოდნელი.

ახალი პრემიერი მამუკა ბახტაძე აქტიურად შეუდგა სახელისუფლებო ვერტიკალის დალაგებას. მთავრობაში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ, როგორც ადრე ვწერდით და როგორც მოსალოდნელი იყო, მხარეებისთვისაც მოიცალეს და ჯერ კიდევ ღარიბაშვილის დროს დანიშნული გუბერნატორებიც გაისტუმრეს. ჩვენ ახალი გეგმები და პროექტები გვაქვს და ამ საქმეებს ახალი, განსხვავებული ხედვების მქონე ხალხი სჭირდება", — ასეთი იყო ყველაზე გავლენიანი მინისტრისა და ვიცე-პრემიერის მაია ცქიტიშვილის განმარტება. სრულიად ლოგიკურია, რომ ენერგიული პრემიერი არ ენდობა ძველ კადრებს…

ჩვენი ინფორმაციით, პრემიერი 6 რეგიონის ახალ რწმუნებულს, იმავე გუბერნატორს მომავალ კვირაში წარადგენს. მათ ადგილებზე მეტი კოორდინაცია და მერების ზედმეტი ამბიციების ალაგმვა დაევალებათ.

მოგეხსენებათ, 2017 წელს არჩეული მერების უმრავლესობა ზურაბ ალავიძის რჩეულია. მათი ხელახალი არჩევნების ჩატარება ახლა აბსურდია. რამდენიმეს ალბათ გადააყენებენ, რამდენიმე უკვე წავიდა. ერთიც დაიჭირეს. თუმცა 64 მუნიციპალიტეტში ახალი არჩევნების გამართვას არც ხელისუფლება აპირებს და არც ამის რესურსი აქვს სახელმწიფოს. ამიტომ სოზარ სუბარის ხელმძღვანელობით მძლავრი ცენტრალიზებული მართვის სისტემა შეიქმნება, სადაც არჩეული მერები და საკრებულოს თავმჯდომარეები ყოველდღიურ კოორდინაციაში იქნებიან რეგიონის რწმუნებულებთან, რომელთაც მხოლოდ რეგიონებში ლენტის გაჭრა და ტენდერების კურირება კი არა, კონკრეტული შედეგების დადებაც მოეთხოვებათ.

სავარაუდოდ, ხაიშის ამბები გადაიყოლებს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსს თორნიკე გვაზავას, რომელიც კვირიკაშვილის ნათესავია და მხოლოდ მისი გადადგომის შემდეგ გააქტიურდა. თუ საქართველოს ტყეებში არსებულ მძიმე მდგომარეობას გავითვალისწინებთ, მას ბევრი არაფერი უნდა ჰქონდეს სათქმელი…

საპრეზიდენტო არჩევნების ბედი ხელისუფლების მხრიდან, ასე თუ ისე, გარკვეულია. ძალაგამოცლილი პრეზიდენტი გინდ ხელისუფლებისა იყოს და გინდ — ოპოზიციისო, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობა შესანიშნავად ხვდება, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დათმობა 2020 წლის არჩევნების დათმობის წინაპირობა შეიძლება გახდეს…

ფაქტია, რომ ივანიშვილი თავის გუნდზე გულაყრილია. თქვა კიდეც ბოლო სატელევიზიო ინტერვიუში, ვერ მიცავენ და ჩემს გუნდზე მეტად ოპოზიცია მაფასებსო. ახლა შეთქმულების თეორიის ავტორები ძირითადად იმით არიან დაკავებული, გამოიცნონ, რომელ პოლიტიკურ ძალასთანაა გარიგება ხელისუფლების გადაბარებაზე. ამ კონტექსტში ყველაზე ხშირად ევროპულ დემოკრატებს ახსენებენ, თუმცა, არც ახალი, ზომიერი პროდასავლური გაერთიანების შექმნაა გამორიცხული, რომელმაც, შესაძლოა, უმრავლესობა არა, მაგრამ კოალიციისათვის საჭირო ხმები მოიპოვოს.

2020 წლამდე კი გუნდს, რომელიც, თურმე, იშლებოდა, შემოდგომაზე საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ახლებურად გადაალაგებენ.

ის, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ, ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგაა მოსალოდნელი. სავარაუდოდ, ნოემბერ-დეკემბერში სამინისტროების შემცირების მოტივით საპარლამენტო კომიტეტებიც შემცირდება და მათ თავმჯდომარეებს ხელახლა აირჩევენ. შესაბამისად, კიდევ უფრო გაძლიერდება კალაძის გუნდი პარლამენტში.

ვადამდელ არჩევნებს დღეს ძირითადად კალაძე-კობახიძის მოწინააღმდეგეები ითხოვენ, თუმცა მოვლენების ასეთი განვითარება უახლოეს მომავალში ნაკლებად მოსალოდნელია.

ანალიტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს ხელისუფლებამ სწორი ბალანსი მოძებნოს დასავლურ და რუსულ ინტერესებს შორის და რაიმე დაპირისპირება თავიდან აიცილოს. შიდა პოლიტიკურ პროცესებში კი როგორმე დავლაგდებით…

თუმცა, დღევანდელი პოლიტიკური ძალთა ბალანსიდან ცხადია, რომ 2020 წელს ჭრელ პარლამენტს და კოალიციურ მთავრობას უნდა ველოდოთ.