ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბავშვთა უფლებების კუთხით არსებული მძიმე ვითარება - ირაკლი კობახიძე საქართველოში UNICEF-ის წარმომადგენელს შეხვდა
სამართალი
ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბავშვთა უფლებების კუთხით არსებული მძიმე ვითარება - ირაკლი კობახიძე საქართველოში UNICEF-ის წარმომადგენელს შეხვდა

     საქართველო, 31 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელთან ლაილა ომარ გადთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე გაერო-ს ბავშვთა ფონდის მიერ განხორციელებულ საქმიანობაზე ისაუბრეს და თანამშრომლობის შედეგები შეაჯამეს.

ირაკლი კობახიძემ ლაილა ომარ გადს გაწეული სამუშაოსა და პირადი ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა.

ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბავშვთა უფლებების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებასა და ამ მიმართულებით გაერო-ს ბავშვთა ფონდის ჩართულობის მნიშვნელობაზე.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა ასევე ისაუბრეს ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში განხორციელებული და დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ.

ლაილა ომარ გადმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მჭიდრო თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. მისი განცხადებით, გაერო-ს ბავშვთა ფონდი მომავალში აქტიურად გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას.

თავის მხრივ, ირაკლი კობახიძემ სტუმარს სამომავლო წარმატებები უსურვა და გაერო-ს ბავშვთა ფონდთან მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურა.