პოლიტიკა
არის საკმაოდ მყარი მოსაზრება, რომ იქნებ სალომე ზურაბიშვილს დავუჭიროთ მხარი - გია ვოლსკი

     საქართველო, 31 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და მმართველი პარტია "ქართული ოცნების" პოლიტიკური მდივანი გია ვოლსკი პირველი აღმოჩნდა უმრავლესობის რიგებში, ვინც საპრეზიდენტო არჩევნებზე იმ დამოუკიდებელი კანდიდატის ვინაობა დააკონკრეტა, რომელსაც, შესაძლოა, ქართულმა ოცნებამ მხარი დაუჭიროს. არის საკმაოდ მყარი მოსაზრება, რომ იქნებ სალომე ზურაბიშვილს დავუჭიროთ მხარი ან საერთოდ არ ჩავერთოთ ამ პროცესებში, - განაცხადა ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საპრეზიდენტო კანდიდატზე დასმული კითხვის პასუხად. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს. მისი თქმით, გუნდში კანდიდატთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის და ასევე არსებობს მოსაზრება, რომ კანდიდატი გუნდიდან „ამოიწიოს“.

მიმდინარეობს კონსულტაციები. არის საკმაოდ მყარი მოსაზრება, რომ იქნებ სალომე ზურაბიშვილს დავუჭიროთ მხარი ან საერთოდ არ ჩავერთოთ ამ პროცესებში, მაგრამ ჯერჯერობით გადაწყვეტილად ვერაფერს გეტყვით. პერსონალიზაცია არ მომხდარა გუნდში. ზოგი ფიქრობს, რომ ჩვენ გვაქვს საკმარისი რესურსი, რათა კანდიდატი პარტიის რიგებიდან იყოს წამოწეული. არსებობს ასევე მყარი და საინტერესო მოსაზრება, რომ პარტიას გააჩნია მართვის მყარი ბერკეტები და ამას დაბალანსება სჭირდება“, - განაცხადა ვოლსკიმ.