ადამიანის ერთ-ერთი მთავარი უფლებაა, ჰქონდეს სამუშაო და ღირსეული შემოსავალი, რასაც, სამწუხაროდ, ჩვენი ეკონომიკა ვერ ახერხებს! - ბიძინა ივანიშვილი
აქტუალური
ადამიანის ერთ-ერთი მთავარი უფლებაა, ჰქონდეს სამუშაო და ღირსეული შემოსავალი, რასაც, სამწუხაროდ, ჩვენი ეკონომიკა ვერ ახერხებს! - ბიძინა ივანიშვილი

     საქართველო, 26 ივლისი, საქინფორმი. ვერ ნახავთ პრეცედენტს, რომ ასეთი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში ასეთ სიმაღლეზე იყოს დაცული ადამიანის უფლებები, – ამის შესახებ პარტია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა პირველ არხზე, გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

მან ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე ილაპარაკა და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, საქართველოს ეკონომიკა ვერ უზრუნველყოფს ადამიანის მთავარ უფლებას, რომ მოქალაქეს ჰქონდეს სამუშაო და ღირსეული შემოსავალი.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკა 10-ჯერ მცირეა ევროპის განვითარებული ქვეყნების ეკონომიკაზე. მან განმარტა, რომ ქვეყნების ეკონომიკის შედარებისთვის უნივერსალურია ერთ სულ მოსახლეზე წარმოებული პროდუქციის მაჩვენებელი – საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე წარმოებული პროდუქცია 4400-4500-ია (დოლარი - რედ.), მაშინ, როცა ევროპის განვითარებულ ქვეყნებში ერთ სულ მოსახლეზე წარმოებული პროდუქცია 40 ათასს აჭარბებს, ბევრი შემთხვევაა 30 ათასიც, ხოლო იშვიათია სახელმწიფოები, როცა ეს მაჩვენებელი 20 ათასს ქვევითაა.

ამ ფონზე კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო და დარწმუნებით ვუთხრა ჩვენს მოსახლეობას, ვერ ნახავთ პრეცედენტს, რომ ასეთი ეკონომიკის მქონე ქვეყანაში ასეთ სიმაღლეზე იყოს დაცული ადამიანის უფლებები, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი უფლებაა, რომ მას ჰქონდეს სამუშაო და ჰქონდეს ღირსეული შემოსავალი, რასაც სამწუხაროდ, ჩვენი ეკონომიკა ვერ ახერხებს. ამ ფონზე, კიდევ გავიმეორებ, რომ ძალიან სახიფათოა სტაბილურობის შენარჩუნება და მას სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება“, – განაცხადა, კერძოდ, ბიძინა ივანიშვილმა.