უცხოეთი
დავით ზალკალიანი - სენატორმა კორკერმა ჩემგან მოისმინა ამომწურავი ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით

      საქართველო, 26 ივლისი, საქინფორმი. ამერიკის შეერთებული შტატების სენატში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ბობ კორკერმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებთან დაკავშირებით ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანისგან მიიღო. ზალკალიანი ვაშინგტონში სახელმწიფო მდივნის მიწვევით, რელიგიის თავისუფლების მინისტერიალზე დასასწრებად იმყოფება.

ქართული დელეგაცია მინისტერიალზეც სწორედ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო რეჟიმის მიერ ადგილობრივი მოსახლეობისთვის რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის საკითხებზე გაამახვილებს ყურადღებას. მანამდე კი, აშშ-ში ვიზიტით მყოფი დავით ზალკალიანი ორმხრივ შეხვედრებს მართავს.

„მქონდა შეხვედრა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან ბობ კორკერთან. ვისაუბრეთ იმ მხარდაჭერაზე, რომელიც საქართველოს აქვს ამერიკის შეერთებული შტატების სენატის მხრიდან, რაც გამოიხატება კონსოლიდირებულ აქტში არსებული ძალიან მკაფიო ჩანაწერებით, ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში ჩანაწერებით, ასევე, რეზოლუციებით და საქართველოს მხარდამჭერი აქტის ინიცირებაში.

სენატორმა კორკერმა ჩემგან მოისმინა ამომწურავი ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით, იმ უკანონო ქმედებასთან მიმართებაში, რაც ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მისი მხრიდან და ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მხრიდან ჩვენ გვქონდა და მომავალშიც გვექნება ძალიან სერიოზული მხარდაჭერა“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

სენატორ კორკერის შემდეგ, დაგეგმილია შეხვედრა სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან ჯონ სალივანთან.

1tv.ge