საზოგადოება
მას შემდეგ, რაც საქინფორმმა მარგველაშვილი უპატრონო კვერცხს შეადარა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მას მოუხელთებელი ჯო უწოდა

     საქართველო, 24 ივლისი, საქინფორმი. გასულ კვირას პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ და ყოფილმა რესპუბლიკელმა დავით უსუფაშვილმა ღია წერილით შესთავაზა საქართველოს მოქმედ პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს - ერთობლივად შექმნან საქართველოში „ახალი ცენტრისტული მოძრაობა“, რომელიც ამა წლის ოქტომბერში საპრეზიდენტო არჩევნებზე მისი - მარგველაშვილის კანდიდატურას წამოაყენებს. საქინფორმის მთავარმა რედაქტორმა ამ მოვლენას პუბლიკაცია მიუძღვნა, რომელშიც მათ „უპატრონო კვერცხები“ უწოდა - იმ კვერცხების ანალოგიით, რომლებიც ადგილობრივი მეფრინველეობის ფაბრიკიდან იმ დღეს სანარცხეზე გადაყარეს, რადგან გაფუჭებული ეგონათ, იქიდან კი წიწილები გამოიჩეკნენ. საქართველოს პარლამენტის ამჟამინდელმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კი მარგველაშვილს „მოუხელთებელი ჯო“ დაარქვა, რომელიც მხოლოდ იმიტომ არის „მოუხელთებელი“, რომ არავის სჭირდება...

პარლამენტის თავმჯდომარის პროგნოზით, იმ შემთხვევაში, თუ გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, სოლიდურ შედეგს ვერ აჩვენებს.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თვის ბოლომდე პარტიაში საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციები გაიმართება, რის საფუძველზეც არჩევნებში “ქართული ოცნების” მონაწილეობასთან დაკავშირებით განცხადება გაკეთდება.

ჩვენი დღის წესრიგი გვაქვს, დადგენილია გარკვეული სამართლებრივი ვადები და პოლიტიკური კუთხითაც შეგვიძლია ვადები განვსაზღვროთ, კანდიდატის დასახელება მომგებიანი როდის არის. კონსულტაციები გვექნება და რაიმე სპეკულაციის საფუძველს ეს არ იძლევა, მაგრამ მარგველაშვილის მხრიდან მუდმივად სპეკულაციებს ვისმენთ. შეუძლია, გადაწყვეტილება თავისუფლად მიიღოს, რაშიც მას ხელს ვერავინ შეუშლის და არც არავინ არ უშლის. მან საკუთარ გადაწყვეტილებაზე უნდა იფიქროს და დიდად სხვების გადაწყვეტილებებზე ნუ იფიქრებს, ჩემი რჩევა ეს იქნებოდა. მან თავად უნდა გადაწყვიტოს, აქვს თუ არა შანსი, სოლიდური შედეგი დადოს. ვფიქრობ, რომ ასეთი შანსი არ არსებობს, თუმცა ეს, პირველ რიგში, მან უნდა აწონ-დაწონოს. გიორგი მარგველაშვილს ვერ ვეტყვი, ის მეოთხე ადგილზე გავა, ან მეხუთეზე. რომელ ადგილზე გავა, თავად უნდა მოიფიქროს და ამის მიხედვით მიიღოს გადაწყვეტილება, უღირს თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა. ანეკდოტია მოუხელთებელი ჯოს შესახებ და შეგვიძლია, ეს ანეკდოტი გავიხსენოთ. არ შეიძლება, ადამიანმა თავი ისეთ ფიგურად წარმოაჩინოს, რომელიც რეალურად არ არის. ჩვენ ჩვენი დღის წესრიგი გვაქვს, პოლიტიკურ დღის წესრიგს არსებითადქართული ოცნებაგანსაზღვრავს, ეს მოსწონს თუ არა მარგველაშვილს და ვიცით, რომ არ მოსწონს. შესაბამისად, დღის წესრიგის განსაზღვრაში პრეზიდენტის როლი მინიმალურია”, – განაცხადა კობახიძემ.