საზოგადოება
აშშ-ის მტკიცე პოზიცია გადამწყვეტია რუსეთისთვის მკაფიო გზავნილის მისაწოდებლად, რომ საქართველოს წინააღმდეგ მისი პოლიტიკა მიუღებელია! - დავით ბაქრაძე

     საქართველო, 19 ივლისი, საქინფორმი. რუსეთისგან განსხვავებით, საქართველოს ქმედებები 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებასთან სრულ შესაბამისობაშია, ჩვენ ვადასტურებთ ძალის გამოუყენებლობის პრინციპისადმი მხარდაჭერას და ანალოგიურს ველოდებით რუსეთის ფედერაციისგან, – ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ აშშ-ის სენატში, ევროპაში უსაფრთხოებისა და თანმშრომლობის კომისიის (ჰელსინკის კომისიის) სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა, სადაც რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შესახებ მოხსენება წარადგინა.

მისი თქმით, საქართველო რუსეთის მიმართ დიალოგზე ორიენტირებულ პოლიტიკას ატარებს, რომლის მიზანი დაძაბულობის დეესკალაციაა. ელჩმა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაზეც გაამახვილა ყურადღება.

გაერთიანებისა და ჩართულობის პოლიტიკა ჩვენს პრიორიტეტად რჩება და ეს ძალისხმევა კიდევ უფრო გავაძლიერეთ ახალი სამშვიდობო ინიციატივის ფარგლებში, ახალი შესაძლებლობების წარდგენით, რაც არის უკეთესი მომავლისკენ გადადგმული ნაბიჯი“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მისი შეფასებით, კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში წარმატებისთვის საერთაშორისო მხარდაჭერა გადამწყვეტია და აშშ-ს, როგორც საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორსა და ჟენევის დისკუსიების მონაწილეს, ამაში მნიშვნელოვანი როლი აქვს.

ჩვენ დიდად ვაფასებთ აშშ-საქართველოს პარტნიორობას და საქარველოს უსაფრთხოებასა და სტაბილურობაში აშშ-ის მიერ შეტანილ წვლილს. პოლიტიკურ დონეზე საქართველოს აშშ-ის მთავრობაში, კონგრესსა და ადმინისტრაციაში ფართო ორპარტიული მხარდაჭერა აქვს. აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები არასდროს ყოფილა უფრო ძლიერი და ეს ურთიერთობები კიდევ უფრო ძლიერდება ამჟამინდელი ადმინისტრაციის პირობებში, რომელიც გამუდმებით ადასტურებს თავის პოზიციას რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციასა და საქართველოს ნატოში ინტეგრაცისადმი მხარდაჭერასთან დაკავშირებით“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ამასთან, მისი თქმით, აშშ-ის კონგრესი ხმამაღლა ლაპარაკობს საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.

დროა, ეს პოლიტიკური მხარდაჭერა გადაიქცეს პრაქტიკულ ნაბიჯებად ჩემს ქვეყანაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისა და ყოვლისმომცველი მშვიდობიანი დარეგულირების უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნა აშშ-ში საქართველოს ელჩმა.

მისივე შეფასებით, თანმიმდევრულობითა და შრომით შესაძლებელია, საქართველოში მდგრად მშვიდობასა და უსაფრთხოებას ჩაეყაროს საფუძველი.

ამასთან დაკავშირებით, მსურს აღვნიშნო საერთაშორისო არენაზე და აშშ-ის რუსეთთან დიალოგის დროს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების საკითხის დაყენების აუცილებლობა. აშშ-ის ძლიერი ხელმძღვანელობა მნიშვნელოვანია რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის გადაწყვეტაში პროგრესის მისაღწევად. ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ არ დახუჭოს თვალი რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მისივე თქმით, საერთაშორისო საზოგადოებისა და, კერძოდ, აშშ-ის მტკიცე პოზიცია გადამწყვეტია რუსეთისთვის მკაფიო გზავნილის მისაწოდებლად, რომ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მისი პოლიტიკა მიუღებელია.