აქტუალური
ტყიბულის შახტში მომხდარ ტრაგედიაში გარკვეული პირების შეცდომა იკვეთება

     საქართველო, 19 ივლისი, საქინფორმი. კომპანია საქნახშირის გენერალური დირექტორი ჯამბულ ჯაყელი აცხადებს, რომ მინდელის შახტში მომხდარ ტრაგედიაში გარკვეული პირების შეცდომა იკვეთება. ჯაყელის თქმით, შახტში აფეთქებისას ხალხი სათანადო მანძილზე არ გაიყვანეს.

არ მოხდა აფეთქების ზონიდან ხალხის სათანადო მანძილზე გაყვანა. ცვლის უფროსის, ცვლის ინჟინრის, უსაფრთხოების ინჟინრისა და ამფეთქებლი ოსტატის შეცდომა იკვეთება, რადგან არ იყვნენ დარწმუნებული აფეთქების უსაფრთხოებაში“, – განაცხადა ჯაყელმა.

მისი თქმით, „საქნახშირის“ ადმინისტრაცია მზადაა, დააკმაყოფილოს მეშახტეების მოთხოვნა და თანამდებობიდან გაათავისუფლოს შახტის თანამშრომლები. მეშახტეები კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილის გია ქარქაშაძის, შახტის მთავარი ინჟინრის გიზო კირკიტაძისა და შახტის მენეჯერის აკაკი ახვლედიანის გათავისუფლებას ითხოვენ.

ვინაიდან ახლა იძულებითი გაჩერების რეჟიმში ვართ, სამუშაოების განახლების შემდეგ განვიხილავთ მეშახტეების მოთხოვნას მაღალი თანამდებობის პირების გათავისუფლების შესახებ“, – განაცხადა ჯამბულ ჯაყელმა.

მინდელის შახტში მომხდარ შემთხვევას 16 ივლისს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია ექვსი ადამიანი. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240- მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

ტყიბულის შახტი კომპანიასაქნახშირსეკუთვნის. შახტში ტრაგედია მიმდინარე წლის 5 აპრილსაც მოხდა. მაშინ შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა.

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება მინდელის სახელობის შახტის დახურვის შესახებ. მისი ინფორმაციით, შახტი მუშაობას არ განაახლებს, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ტყიბულის შახტში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით 16 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა.