უცხოეთი
სენატორი ბენ კარდინი - პუტინმა უნდა იცოდეს, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება დამოკიდებულია არა მასზე, არამედ ქართველ ხალხსა და ალიანსის პარტნიორებზე

     საქართველო, 19 ივლისი, საქინფორმი. პუტინმა უნდა იცოდეს, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება დამოკიდებულია არა მასზე, არამედ ქართველ ხალხსა და ალიანსის პარტნიორებზე, – ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა ბენ კარდინმა განაცხადა ​აშშ-ის სენატში, ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიის (ჰელსინკის კომისიის) სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, სადაც საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შესახებ მოხსენებით უნდა წარდგეს.

„2008 წელს, როდესაც რუსეთი შეიჭრა საქართველოში, პუტინს ჰქონდა გათვლა, რომ ეს შერჩებოდა, საერთაშორისო საზოგადოებისგან რეაქცია იქნებოდა მინიმალური. მან ეს განიხილა, როგორც შესაძლებლობა, ჩაეშალა საქართველოს გაერთიანება ევროპასთან და ნატოს-თან. ეს პუტინს გამოუვიდა. მან შეძლო ეს პირველი ჩარევის დროს. ვფიქრობ, ეს უნდა გავაცნობიეროთ. ჩვენ ვიცით, რომ რუსეთის ჯარი უკვე წლებია, მოლდოვაშია, რამაც კიდევ უფრო გაართულა მოლდოვისთვის ნატო-ში გაწევრიანება“, – განაცხადა ბენ კარდინმა.

სენატორის განცხადებით, პუტინის მიზანს ევროპის ერთიანობაში განხეთქილების შეტანა და დემოკრატიული ინსტიტუტების ხელყოფა წარმოადგენს.

„ვიხილეთ შემდგომში, თუ რას აკეთებს პუტინი უკრაინაში ინტერვენციითა და ყირიმის ანექსიით. მისი გათვლა ასეთია – თუ ამის გაკეთების საშუალებას მომცემთ, ამას გავაკეთებ. მის მიზანს ევროპის ერთიანობაში განხეთქილების შეტანა და დემოკრატიული ინსტიტუტების ხელყოფა წარმოადგენს. ჩვენ უნდა ვისწავლო ისტორიის ეს გაკვეთილები.

მოხარული ვარ, რომ ნატო-ს სამიტმა დაადასტურა ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. ჩვენ გვინდა, პუტინმა იცოდეს, რომ ეს მასზე არ არის დამოკიდებული, ეს დამოკიდებულია ქართველ ხალხზე და ნატო-ს პარტნიორებზე“, – განაცხადა სენატორმა ბენ კარდინმა.

1tv.ge