საზოგადოება
პრეზიდენტმა გაერო-სა და ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლის თანამდებობებზე კახა იმნაძე და ნატალი საბანაძე ხელახლა დანიშნა

     საქართველო, 18 ივლისი, საქინფორმი. გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან (გაერო) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე კახა იმნაძე ხელახლა დაინიშნა. შესაბამისი განკარგულება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გამოსცა.

განკარგულებაში აღნიშნულია, რომ დიპლომატიური სამსახურის შესახებსაქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, კახა იმნაძე გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე 2018 წლის პირველი აგვისტოდან ინიშნება.

ამასთან, გიორგი მარგველაშვილმა ბელგიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლის თანამდებობაზე ხელახლა დანიშნა ნატალი საბანაძეც.

შესაბამის განკარგულებაში მითითებულია, რომ დიპლომატიური სამსახურის შესახებსაქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, ნატალი საბანაძე ბელგიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩისა და ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლის თანამდებობაზე 2018 წლის პირველი აგვისტოდან ინიშნება.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, კახა იმნაძესა და ნატალი საბანაძეს აღნიშნულ თანამდებობებზე მუშაობის ვადა ამოეწურათ, შესაბამისად, პრეზიდენტმა ისინი ხელახლა დანიშნა.