პოლიტიკა
გიორგი გახარია: შავი ზღვის უსაფრთხოება ის მიმართულებაა, სადაც ნატოსა და საქართველოს ურთიერთობა შეიძლება უფრო პრაქტიკული გახდეს

     საქართველო, 16 ივლისი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სასაზღვრო პოლიციის, სანაპირო დაცვისა და შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით სამინისტროში დაგეგმილ და განხორციელებულ ღონისძიებებზე და ამ მიმართულებით ნატოსთან ურთიერთობის გაღრმავებაზე ილაპარაკა.

მისი თქმით, სანაპირო დაცვა, მით უმეტეს, ნატოს ბოლო სამიტის კონტექსტში, განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს.

შავი ზღვის უსაფრთხოება გახლავთ ის მიმართულება, სადაც ნატო-სა და საქართველოს შორის ურთიერთობა შეიძლება, გახდეს უფრო პრაქტიკული და ამ მიმართულებით შინაგან საქმეთა სამინისტრო და მისი სანაპირო დაცვის მიმართულება მაქსიმუმს გააკეთებს, რამეთუ პრაქტიკულ ჭრილში გადავიყვანოთ ნატო-საქართველოს თანამშრომლობა; გავზარდოთ როგორც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ხარისხი, ასევე ჩვენი თანამშრომლების კომპეტენციაც“, – განაცხადა გახარიამ.

მისი განმარტებით, საქართველოს არ გააჩნია სამხედრო საზღვაო ძალები და ამ მიმართულებით ნატოს პარტნიორად სანაპირო დაცვის სამსახური მიიჩნევა.

ამ მიმართულებით ბევრი რამ არის გაკეთებული. ისეთი თანამშრომლობის ხარისხი, როგორიც დღეს გვაქვს, აქამდე არ ყოფილა, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ აქ ბევრი რამ არის გასაკეთებელი“, – განაცხადა შს მინისტრობის კანდიდატმა.

გახარიას თქმით, ნატო ხმელთაშუა ზღვაში ზღვის მცველის ოპერაციას ახორციელებს, რომელშიც სანაპირო დაცვის სამსახური უახლოეს პერიოდში დაიწყებს მონაწილეობას.

ამისთვის აუცილებელი ნაბიჯები გადადგმულია. ჩვენი მიზანია, ამ აბორდაჟის ჯგუფების კვალიფიკაციის ამაღლების ოთხწლიანი გეგმიდან ორ წელზე გადავიდეთ. ფოთის აბორდაჟის ჯგუფმა უკვე მიიღო პირველი სერტიფიცირება და 2019 წლის დასაწყისში იგივეს ველოდებით ბათუმის აბორდაჟის ჯგუფიდან. ჩვენ გვესმის, რომ ამ მიმართულებით არის ძალიან ბევრი რამ გასაკეთებელი, განსაკუთრებით ინვესტიციების, ასევე პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების ნაწილში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისივე შეფასებით, განსაკუთრებულ როლს ასრულებს ისეთი ძლიერი ინსტრუმენტი როგორიც არის ჯეიმოკი – ინფორმაციის გაცვლის და ერთობლივი ოპერაციების ცენტრი.

ცენტრი სტრატეგიული პარტნიორების დახმარებით შეიქმნა, რომელიც ახლა აწყობს კომუნიკაციას ნატოს სანაოსნო ცენტრთან, რათა უფრო ეფექტურად გავცვალოთ ინფორმაცია. წელს, წლის ბოლომდე ჩვენ გვეყოლება აილენდის კლასის ორი გემი, რომელიც მოგვცემს საშუალებას უფრო სრულფასოვნად მივიღოთ როგორც ნატოს წვრთნებში ხმელთაშუა ზღვაში მონაწილეობა, ასევე უფრო ეფექტურად მოვახდინოთ ჩვენი სანაპირო უსაფრთხოების უზრუნველყოფა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.