აქტუალური
გიორგი გახარია: უვიზო მიმოსვლაზე იმ შეკითხვებს, რომლებიც ბოლო პერიოდში ევროპის ზოგიერთ დედაქალაქში ისმებოდა - კონკრეტულად გავეცით პასუხი

     საქართველო, 16 ივლისი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ თავის საპარლამენტო გამოსვლაში აღნიშნა, რომ კრიმინალთან ბრძოლაში მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმატებით ახორციელებს.

ორიოდე სიტყვით მინდა მოგახსენოთ იმ საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგებზე, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ ბოლო 6 თვის განმავლობაში, როგორც ორმხრივი ურთიერთობის კონტექსტში, ასევე, საერთაშორისო საპოლიციო ინსტიტუტებთან. მოგეხსენებათ, რომ საქართველო გახდა ევროპოლის ოპერატიული პარტნიორი, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უკვე ევროპოლთან ინფორმაციის გაცვლის დაცული და დახურული არხები გვაქვს, რაც საშუალებას გვაძლევს, კიდევ უფრო ეფექტიანად ვითანამშრომლოთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან. ორგანიზებული დანაშაულის ნაწილში და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ნაწილში ეს არის ძალზედ პრინციპული და მნიშვნელოვანი კონტექსტი. ეფექტურად მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშეების ინსტიტუტი, ჩვენ ამ ინსტიტუტს ვაძლიერებთ და ვაფართოებთ.

ის გამოწვევები, რომლებიც არსებობდა უვიზო რეჟიმის კონტექსტში, იმ შეკითხვებს, რომლებიც ბოლო პერიოდში ევროპის ზოგიერთ დედაქალაქში ისმებოდა, – თითოეულ ამ შეკითხვას კონკრეტულად გავეცით პასუხი. რა თქმა უნდა, არსებობდა რისკი თავშესაფრის მაძიებლებსა და ორგანიზებულ დანაშაულს შორის გარკვეული კავშირის დამყარებისა და ჩვენ, პარტნიორებთან ეფექტური თანამშრომლობით, ფაქტიურად, ეს რისკები მოვხსენით“, – განაცხადა გახარიამ.