დონალდ ტრამპი - იენს სტოლტენბერგი შესაძლოა, ერთადერთი იყოს, ვისაც მოვწონვარ, მაგრამ არა უშავს
უცხოეთი
დონალდ ტრამპი - იენს სტოლტენბერგი შესაძლოა, ერთადერთი იყოს, ვისაც მოვწონვარ, მაგრამ არა უშავს

     საქართველო, 12 ივლისი, საქინფორმი. ვფიქრობ, ნატო-ს გენერალურ მდივანს მოსწონს ტრამპი, შესაძლოა, ის ერთადერთი იყოს, მაგრამ არა უშავს, – ეს განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ბრიუსელში ნატო-ს სამიტის ფარგლებში ალიანსის გენერალურ მდივანთან შეხვედრისას გააკეთა.

დონალდ ტრამპის განცხადებით, გასულ წელს ნატო-ს დასახმარებლად სხვადასხვა ქვეყნებმა 40 მილიარდი დოლარამდე გამოყო, თუმცა ეს საკმარისი არ არის.

„აშშ ზედმეტად ბევრს იხდის და სხვა ქვეყნები საკმარისს არ იხდიან. ასე რომ, ჩვენ ამ საკითხზე შეხვედრა გვექნება. გენერალურმა მდივანმა ამაზე ბევრი იმუშავა. ის აცნობიერებს პრობლემად და ვიმედოვნებთ, რომ მის გადაწყვეტას შევძლებთ. ეს ათწლეულების განმავლობში გრძელდებოდა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მან მწვავედ გააკრიტიკა ბერლინის ურთიერთობები მოსკოვთან და გერმანიას რუსეთის მძევალი უწოდა.

მისი თქმით, გერმანია რუსეთის ენერგორესურსების სანაცვლოდ მილიარდებს იხდის.

„გერმანიას მთლიანად აკონტროლებს რუსეთი. ისინი რუსეთისგან იღებენ თავიანთი ენერგიის 60-70 პროცენტს და ახალ მილსადენს. მითხარით, თუ ეს მისაღებია, რადგან ვფიქრობ, რომ არ არის. ფიქრობ, ეს ცუდია ნატო-სთვის და არ უნდა მოხდეს. ვფიქრობ, გერმანიას ამაზე უნდა ვესაუბროთ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

თავის მხრივ, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატო 29 ქვეყნის ალიანსია და მათ შორის ზოგჯერ არის აზრთა სხვადასხვაობა.

„ნატო 29 ქვეყნის ალიანსია და მათ შორის ზოგჯერ არის აზრთა სხვადასხვაობა, განსხვავებული მოსაზრებები და ასევე გარკვეული უთანხმოებები. რუსეთიდან გერმანიაში მიმავალი გაზსადენი ერთ-ერთი საკითხია, რომელთან დაკავშირებითაც მოკავშირეებს უთანხმოება აქვთ. თუმცა ნატო-ს სიძლიერე იმაშია, რომ ამ აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ჩვენ შეგვიძლია მთავარი ამოცანის გარშემო გაერთიანება, რაც ერთმანეთის დაცვას გულისხმობს, რადგან ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ერთად უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე ცალ-ცალკე“, – განცხადა იენს სტოლტენბერგმა.

1tv.ge