პოლიტიკა
მიუხედავად იმისა, რომ ერდოღანს არცერთმა ევროპელმა ლიდერმა არ მიულოცა, პრეზიდენტი მარგველაშვილი აპარატთან და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობასთან ერთად მის ინაუგურაციას ესწრებოდა

     საქართველო, 10 ივლისი, საქინფორმი. მიუხედავად იმისა, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება ევროკავშირის ქვეყნების არცერთმა ხელმძღვანელმა არ მიულოცა, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მას ჯერ მიულოცა, გუშინ კი თურქეთის ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრო ქართულ დელეგაციასთან ერთად, რომლის შემადგენლობაში იყვნენ: საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში ირაკლი კოპლატაძე.

ანკარის აეროპორტში საქართველოს პრეზიდენტის საპატიო დახვედრის შემდეგ გიორგი მარგველაშვილი და ქართული დელეგაციის წევრები, სხვადასხვა ქვეყნის 20 პრეზიდენტთან, 10 პრემიერ-მინისტრთან და 5 პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, თურქეთის პრეზიდენტის სასახლეში საინაუგურაციო ცერემონიას დაესწრნენ. ინაუგურაციის დასრულების შემდეგ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გიორგი მარგველაშვილს და სახელმწიფო დელეგაციების მეთაურებს ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა.