სამართალი
პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი საქართველოს მთავარი პროკურორის პოსტზე მხარს შალვა თადუმაძის კანდიდატურას უჭერს

     საქართველო, 9 ივლისი, საქინფორმი. როგორც გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, კატეგორიულად გამორიცხავს იმას, რომ შალვა თადუმაძე, მისი პათოსითა და საკითხებისადმი დამოკიდებულებით, პოლიტიკურად ანგაჟირებული გახდეს.

როცა საქმე ჩემს არჩევანზე მიდგება, მხარს შალვა თადუმაძეს დავუჭერდი, რადგან იმ პოლიტიკური გუნდის წევრია, სადაც პოლიტიკურ მიკერძოებაზე უფრო მაღლა სამართლის გატარებისა და სამართლის დამკვიდრების მოთხოვნა დგას, რაც ამ გუნდმა არაერთხელ დაადასტურა. თადუმაძეს გუნდთან გარკვეული კავშირი აქვს, პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა. მას 2011 წლიდან ვიცნობ, როგორც პრინციპულს, სამართლის მოყვარეს, საკმაოდ ხისტ ადამიანს იმასთან დაკავშირებით, რასაც სამართლის დაცვა ჰქვია. შალვა შავგულიძეს ყოველთვის კარგი მხრიდან ვიცნობდი, თუმცა ბოლო პერიოდში ძალიან მძიმე პოზიციაზე გადავიდა და პოლიტიკურად ანგაჟირებულ ადამიანად ჩამოყალიბდა. მესამე კანდიდატურას არ ვიცნობ. შალვა შავგულიძეს დაკარგული აქვს სამართლიანობის შეგრძნება, როცა საკითხები მის პოლიტიკურ გუნდს ეხება”, – განაცხადა ვოლსკიმ.