აქტუალური
აჭარის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობამ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატად თორნიკე რიჟვაძე დაასახელა

     საქართველო, 9 ივლისი, საქინფორმი. აჭარის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობამ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატად თორნიკე რიჟვაძე ოფიციალურად დაასახელა.

„ქართული ოცნების“ კანდიდატი ამჟამად საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის ხელმძღვანელად მუშაობს.

„ქართულმა ოცნებამ“ პოლიტსაბჭოზე აჭარის მთავრობის მეთაურის პოსტზე ხუთი კანდიდატურა განიხილა და მათგან უპირატესობა თორნიკე რიჟვაძეს მიანიჭა. ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ილია ნაკაშიძემ განაცხადა.

პოლიტსაბჭოზე ვიმსჯელეთ. საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობა თანახმაა, აჭარის უმაღლესი საბჭო მხარს უჭერს თორნიკე რიჟვაძეს. ვერ ვხედავ მიზეზს, რომ პრეზიდენტმა თქვას უარი კანდიდატზე და ვიმედოვნებ, პოლიტიკურ ჩიხში არ შევა პროცესები“, – განაცხადა ილია ნაკაშიძემ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ თანამდებობა 4 ივლისს დატოვა.