პოლიტიკა
ვაშინგტონი მოსკოვს უნდა განიხილავდეს, როგორც სუპერსახელმწიფოს და კონკურენტს, და არა როგორც მტერს! - რიჩარდ შელბი

     საქართველო, 5 ივლისი, საქინფორმი. ასეთი განცხადება გააკეთა ამერიკელმა რესპუბლიკელმა სენატორმა აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაციის რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან მოლაპარაკებების შედეგების შესახებ. „დიახ, ჩვენ შეგვიძლია, ვიყოთ მეტოქეები, მაგრამ აუცილებელი არ არის, მოწინააღმდეგეები ვიყოთ“, - ხაზი გაუსვა სენატორმა ალაბამას შტატიდან და ასიგნების კომიტეტის თავმჯდომარემ რიჩარდ შელბიმ. მანამდე მოსკოვს ეწვია თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონი.

მოგვიანებით ამერიკული დელეგაცია სახელმწიფო დუმის თავმჯდომარეს ვიაჩესლავ ვოლოდინს შეხვდა. მოლაპარაკებებზე შელბიმ ხაზი გაუსვა: „მე აქ იმისთვის არ ვიმყოფები, რომ რუსეთი რაიმეში დავადანაშაულო. აქ იმისთვის ვარ, რომ სრულმასშტაბიანი და ღია დიალოგის განახლება ვცადო“.

მან აღნიშნა, აგრეთვე, რომ ამჟამად მოსკოვსა და ვაშინგტონს რთული ურთიერთობა აქვთ, მაგრამ ის, შესაძლოა, გაუმჯობესდეს „მთელ მსოფლიოში საერთო ინტერესების გამო“: „ორივე მათგანს უკეთესი დღის იმედი აქვს!“ - ასეთი კომენტარი გაუკეთა რიჩარდ შელბიმ ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის მომავალ შეხვედრას.