რედაქტორისგან
რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის დარეგულირება მოსკოვის დღის წესრიგში არ დგას - ვის მხარესაა ბურთი? - არნო ხიდირბეგიშვილი

     გასული კვირის მთავარ მოვლენად იქცა სანქციური „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ (საქართველოს მთავრობის 2018 წლის 26 ივნისის N339 დადგენილება), რომელიც იმ 33 პირისგან შედგება, რომლებმაც 1991 წლიდან დღემდე ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების მიმართ სხვადასხვა დანაშაული ჩაიდინეს. სიაში შეყვანილი პირების მიმართ გათვალისწინებული სანქციების აღსრულებაზე პასუხისმგებლებად ოთხი სახელმწიფო სტრუქტურაა დანიშნული: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, შსს, საგარეო საქმეთა სამინისტრო და ეროვნული ბანკი.
       სოხუმმა და ცხინვალმა მაშინვე განაცხადეს, რომ ეს არის პოპულიზმი, დემაგოგია და პროვოკაცია, რომელიც „დაანგრევს ჟენევის მოლაპარაკებებს, როგორც სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი დარეგულირების ერთადერთ საერთაშორისო ფორმატს“, და დასაწყისისთვის, რუსეთის წარმომადგენლებთან ერთად, გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში სამუშაო შეხვედრა ჩაშალეს. რუსეთმა მის მიერ აღიარებულ რესპუბლიკებში თავისი ე.წ. საელჩოების მეშვეობით დე ფაქტო ხელისუფლებებს სოლიდარობა გამოუცხადა.
       აქვს თუ არა „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას“ პრაქტიკული მნიშვნელობა, იმის გათვალისწინებით, რომ მასში შეყვანილი ზოგიერთი ფიგურანტი ცოცხალი აღარ არის, ხოლო დანარჩენებზე ინტერპოლის „წითელი ცირკულარით“ ძებნა არ არის გამოცხადებული? თუ ეს უფრო პოლიტიკურ რეზონანსზე გათვლილი აქტია? ამ შეკითხვას „საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი პასუხობს და მას რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის პრიზმაში იხილავს:

„„ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას“ ერთი დიდი ნაკლი აქვს - მასში არ არის მიშა სააკაშვილი, რომელმაც ერთად აღებულ ყველა დანარჩენზე მეტი დანაშაული ჩაიდინა საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ! დიახ, სიას უფრო პოლიტიკური დატვირთვა აქვს, ვიდრე პრაქტიკული, ამიტომ მის გარშემო ატეხილი ისტერია ცოტა გაუგებარია. საქართველოს საპარლამენტო ოპოზიცია, რომელიც სააკაშვილის პარტიით არის დაკომპლექტებული, ბოიკოტით იმუქრება იმის გამო, რომ სიაში შეყვანილი არ არის რუსეთის ფედერაციის არცერთი მოქალაქე, თავდაცვის სამინისტროს, ФСБ-ს, ГРУ-ს და საოკუპაციო ხელისუფლებების წარმომადგენლები, რომლებიც პასუხისმგებელი არიან არა მარტო დანაშაულის ჩადენაზე, არამედ დამნაშავეთა ვინაობის დაფარვაზეც. სიას დემარშით გამოეხმაურნენ აფხაზები და ოსებიც, რომლებმაც ადრე დაწერეს „აფხაზეთის თეთრი წიგნი“ და „სამხრეთ ოსეთის თეთრი წიგნი“, ხოლო წლის ბოლომდე აპირებენ „გრიშიკ სანაკოევის სიის“ გამოქვეყნებას, რომელიც, თურმე, ცხინვალში უკვე მეორე წელია, იქმნება.

რაც შეეხება ზიანს, რომლის მიყენება ამ სიას, ვითომდა, მოლაპარაკების პროცესისთვის შეუძლია: ძნელია ქართველების და აფხაზების, ქართველების და ოსების ურთიერთობის უფრო მეტად გაფუჭება, ვიდრე ახლაა. დღეს სტატუს-კვო ასეთია: აფხაზებს და ოსებს, რბილად რომ ვთქვათ, არ ვუყვარვართ და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ ფიგურანტებს ლამის გმირებად მიიჩნევენ; ჩვენ აფხაზებს და ოსებს ძმებს ვუწოდებთ, უფასოდ სამკურნალოდ და სასწავლებლად ვიწვევთ, უფასო ელექტროენერგიით ვამარაგებთ, ეკონომიკურ პროექტებში ერთობლივ მონაწილეობას და შენგენის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმს ვთავაზობთ.

საქართველოში ბევრი არცთუ უსაფუძვლოდ მიიჩნევს ჩვენი მთავრობის ასეთ პოლიტიკას არაადეკვატურად, თუმცა ის - რეალურ ვითარებაში ერთადერთი შესაძლებელია. ოფიციალური თბილისი, პირველ რიგში, არა ტერიტორიების, არამედ აფხაზებისა და ოსების, მათი გულების დაბრუნებას ესწრაფვის და სამართლიანად ვარაუდობს, რომ თუ მთავარი - მენტალური პრობლემა აღმოიფხვრება, ყველაფერი დანარჩენი - დევნილების დაბრუნება, ტერიტორიები - თავისთავად, ნებაყოფლობით თან მოჰყვება. ჯერჯერობით კი იცხოვრონ აფხაზებმა და ოსებმა რუსებთან და სომხებთან ერთად, ქართველების გარეშე, მანდარინისა და ვაშლის ხეების ჩრდილში საღ გონებაზე კარგად დაფიქრდნენ... ან მუდმივი რუსული სამხედრო გარნიზონი, ანდა ასიმილაცია რუსეთის შემადგენლობაში - საქართველოს გარეშე მათ სხვა არაფერი ეღირსებათ!

ამბობენ, დროა საჭირო, რომ ახალგაზრდა აფხაზები და ოსები თავიანთ ქართველ თანატოლებს გაეცნონ და ერთად დაიწყონ „სუფთა ფურცლიდან“. დროის მაქსიმალურად გაწელვა ემოციური მიდგომა სულაც არ არის, ეს პრაგმატული გათვლაა - ქართველების ახალ თაობებს, რომლებსაც სოხუმი და ცხინვალი თვალითაც არ უნახავთ, შეუძლიათ, არჩევანი ამ ტერიტორიების გარეშე საქართველოს ნატოში შესვლის სასარგებლოდ გააკეთონ. მათი უმრავლესობა - პროდასავლური კოსმოპოლიტები არიან, მათ უკვე გამოავლინეს თავი არასამთავრობო ორგანიზაციებში და ქუჩის აქციებზე, მალე ისინი ხელისუფლებაში მოვლენ.

ანდა მითხარით, გეთაყვა, რა მოსაზრებებით უნდა გრძნობდნენ ისინი სიმპათიას რუსეთის მიმართ? იქნებ საქართველოში მისი მთავარი თანამემამულეების - გაუნათლებელი უსაქმურების შემხედვარე, რომლებიც რუსეთის მიერ ვეტერანების დასახმარებლად და დიდი სამამულო ომის მონაწილეთა საფლავების კეთილმოსაწყობად, რუსული ენის გადასარჩენად და არარსებული „უკვდავი პოლკების“ მსვლელობებისთვის გამოყოფილ ასობით ათას დოლარს იპარავენ?! რა გრძნობებს უნდა განიცდიდეს რუსეთის მიმართ ქართველი ახალგაზრდობა იმ გმირების შამბმოდებული საძმო საფლავების დანახვაზე, რომლებმაც სიცოცხლე „სსრკ“-დ წოდებულ სამშობლოს შესწირეს?! „თქვენი ყოფილი მოკავშირეები - ამერიკელები და ყოფილი მტრები - გერმანელებიც კი საბჭოთა ჯარისკაცების საფლავებსა და ძეგლებს უვლიან და თავის ვეტერანებს უფრთხილდებიან, იმიტომ რომ ისინი ცივილიზებული და წესიერი ადამიანები არიან! ახლა გასაგებია, რატომ მივისწრაფვით, რომ აშშ-სა და ევროპას დავემსგავსოთ?!“, - განმიცხადეს ახალგაზრდა ქართველებმა 9 მაისს თბილისის ვაკის პარკში - ყოფილ გამარჯვების პარკში.

საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე და სუვერენიტეტზე გამავალი „წითელი ხაზების“ გარეშეც ბევრი ობიექტური მიზეზი არსებობს, რომელთა გამო ქართველი ახალგაზრდობა რუსეთის ფედერაციასთან მეგობრობის დამყარების მიმართ სკეპტიციზმს და ნიჰილიზმსაც კი განიცდის. არ წამომცდენია - სწორედ დამყარების, და არა - აღდგენის, ქართველ ახალგაზრდობას ხომ არ შეუძლია იმ მეგობრობის აღდგენა, რომლის შესახებ არაფერი იცის, ხოლო მის დასამყარებლად მართლმადიდებლური ერთმორწმუნეობა და დიდი სამამულო ომი, როგორც ხედავთ, „არ მუშაობს“. „ახალ მეგობრობას ძველი საფლავებიდან არ იწყებენ!“, - განმიცხადეს საუბრისას იმავე ახალგაზრდა პრაგმატიკოსებმა, რომლებსაც წარსულში ქექვის სურვილი არ გააჩნიათ. და მათი პოზიციის ახსნა მხოლოდ მამებსა და შვილებს შორის კლასიკური კოლიზიით, ან ყველაფრის დასავლური პროპაგანდისთვის გადაბრალება, რომელმაც „თაობათა მემკვიდრეობითობა დაარღვია“, თავის მოტყუებას ნიშნავს.

რუსეთში აცხადებენ, რომ თავის მხრივ ყველაფერი გააკეთეს დარეგულირების დაწყებისთვის და ახლა „ბურთი ქართულ მხარეზეა“, რაც ასევე არ შეესაბამება სინამდვილეს. ავიღოთ, მაგალითად, „სავიზო რეჟიმის შემსუბუქების“, როგორც რუსული მხარის დამსახურების გამუდმებული ხსენება. ჯერ ერთი, სავიზო რეჟიმი მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის არსებობს - საქართველოში ჩამოსული რუსებისთვის სავიზო რეჟიმი ჯერ კიდევ სააკაშვილმა გააუქმა. მაშ, „ვის მხარესაა ბურთი“, ვინ უნდა აღმოფხვრას ეს დისბალანსი - საქართველომ თუ რუსეთმა?!

მეორეც ერთი, დღეს საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთის გზა ისევე დაკეტილია, როგორც სააკაშვილის დროს. საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც რუსეთში წასვლა უნდა, დღესაც თავიდანვე გაყალბებისკენ უბიძგებენ: მან რუსეთში ნათესავები ან ნაცნობები უნდა იპოვოს, თუნდაც ასეთები არ ჰყავდეს (!), ანდა რომელიმე ორგანიზაციის მეშვეობით კულტურულ ღონისძიებაზე ან საქმიანი მიზნით ფიქტიური მიწვევა მიიღოს. ამის შემდეგ ორი თვე უნდა ელოდოს რიგს თბილისში რუსეთის საკონსულოში ან ქრთამი მისცეს ზემოხსენებულ რუსეთის თანამემამულეებს, რომლებიც ვიზას და მის ურიგოდ გაფორმებასაც უზრუნველყოფენ. რა შთაბეჭდილება უნდა შეექმნას ამის შემდეგ ქართველ ახალგაზრდობას რუსეთზე, განსაკუთრებით, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ფონზე?!

და კიდევ, რუსეთში უკვე რამდენი ხანია, აცხადებენ, რომ „მხოლოდ მოხარული იქნებიან თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს შორის პირდაპირი დიალოგის“, მაგრამ ჩქმალავენ, რომ დაურეგულირებელი ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტები - კავკასიაში რუსეთის და აშშ-ის მეტოქეობის შედეგია. როგორც სერბეთსა და სირიაში იყო, კავკასიაშიც რფ და აშშ ერთმანეთს „სახეში არ ურტყამენ“, არამედ კლინჩში შევიდნენ და ერთდროულად ცდილობენ დასწრებაზე თამაშს და რაც შეიძლება მეტი ტერიტორიის მონიშვნას. მხოლოდ ასეთ - გლობალურ, და არა რეგიონულ კონტექსტში შეიძლება ამ კონფლიქტების მოგვარების ალბათობის განხილვა, მათ შორის - რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის, რაც მოსკოვის დღის წესრიგში არ დგას გასაგები მიზეზების გამო. ზოგიერთი მათგანი ზემოთაა მითითებული (თაობათა ცვლაზე გათვლა, მათი დამოუკიდებლობის აღიარების გაგრძელება, რფ-ის შემადგენლობაში შესვლა), მაგრამ სხვებიც არსებობს.

მაგალითად, გასულ კვირას პრეზიდენტმა ტრამპმა „ღრმა რწმენა გამოთქვა, რომ რუსეთი გარდაუვლად დაბრუნდება G7-ში მინსკის შეთანხმებების შესრულების გარეშეც კი“ და „მნიშვნელოვანი გეოსტრატეგიული მსჯელობის ნაწილი გახდება“. სახელმწიფო მდივან პომპეოს თქმით, „რფ-სთან მოლაპარაკებისთვის კომპრომისული ვარიანტების ნაკრები არსებობს“. ესე იგი, თუკი აშშ-სა და რფ-ს შორის კომპრომისი 45-მილიონიანი უკრაინის და 17-მილიონიანი სირიის თაობაზეც კი მიღწევადია, ციცქნა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე - მითუმეტეს! აი, რატომ არ ჩქარობს რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობის მოგვარებას და მხოლოდ კარასინი-ზახაროვას პირით გამუდმებით აფიქსირებს, რომ ის „განუხრელად უმჯობესდება“. ქართული ღვინო და „ბორჯომი“ რუსეთში მდინარესავით მიედინება, იქიდან კი რუსი ტურისტების ნაკადები და ფულადი გადარიცხვები შემოდის, საუკეთესი ქართველი სპეციალისტები რუსეთში ცხოვრობენ და მუშაობენ, რუსი პუბლიკისთვის საუკეთესო ქართველი მსახიობები მღერიან და ცეკვავენ - მეტი რაღაა საჭირო?! ამიტომ რუსები არ ჩქარობენ ქართველების გულების დაბრუნებას და მათთვის მეგობრობის თავზე მოხვევას, რომლისთვისაც, როგორც ცნობილია, ფულის გადახდა მოუწევთ, როგორც დღეს ამერიკელები იხდიან.

კიდევ რაში გამოიხატება ქართულ-რუსული ურთიერთობის „განუხრელი გაუმჯობესება“? პირიქით, ის განუხრელად უარესდება, თუ ფორმალური განცხადებებით და ურთიერთშეხების ხაზებზე ინციდენტებით ვიმსჯელებთ, რომლებიც ხშირად ტრაგედიებით მთავრდება, როგორც ოთხოზორიას, ბაშარულის, ტატუნაშვილის შემთხვევებში. შესაძლოა, შემეკამათონ, რომ ეს საქართველოს მიერ დეკლარირებული უალტერნატივო ევროატლანტიკური საგარეო პოლიტიკური კურსის - ნატოსკენ სწრაფვის ბრალია, სადაც აფხაზებსა და ოსებს შესვლა უვიზო რეჟიმის და სხვა სიკეთეების სანაცვლოდაც კი არ უნდათ, რომლებსაც ისინი „დანაელთა ძღვნად“ აღიქვამენ. მოდით, ამაშიც გავერკვეთ.

როგორც ცნობილია, ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) ბოლო სოციალურმა გამოკითხვამ, რომელიც 30 მაისს გამოქვეყნდა, აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობის 76% - ძირითადად, 40 წელზე უფროსი მოსახლეობა - რუსეთთან დიალოგის მომხრეა (შარშანდელ IRI-ს კვლევაში ეს მაჩვენებელი 82%-ს უდრიდა). რატომ არ აიძულებს ეს რუსეთისთვის კეთილსასურველი გარემოება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ულტიმატუმების ენა შეცვალოს, რომელიც ქართველებთან კონტრპროდუქტიულია? „აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის საკითხი დახურულია! ხოლო ნატოში თუ შეხვალთ, ადეკვატურ პასუხს მიიღებთ!“, - ლაპარაკობს და აჩვენებს მოსკოვი. აპრიორი - არც კომპრომისები, არც პერსპექტივები... მაშინ რამ უნდა უბიძგოს ქართველებს დიალოგისკენ? რისთვის?!

ამავე დროს აშშ-ისა და ნატოს ხელმძღვანელები აცხადებენ: „საქართველო ნატოში იქნება თუ არა, ქართველი ხალხის გადასაწყვეტია“. გრძნობთ განსხვავებას საკითხების დაყენებაში? ხოლო რაკი „ქართველი ხალხის გადასაწყვეტია“, ესე იგი, ქართველ ხალხს ჯერ არ გადაუწყვეტია - შევიდეს თუ არა საქართველო ნატოში. მაგრამ მოსკოვში „რატომღაც“ ორიენტაციას იღებენ არა ქართველ ხალხზე, რომელიც ხელისუფლებას ირჩევს, არამედ თავად ხელისუფლებაზე, რომელიც, როგორც ცნობილია, წარმავალია. იმიტომ ხომ არა, რომ ასე უფრო ხელსაყრელია - ყოველთვის შეიძლება ნებისმიერი საკუთარი ქმედების საქართველოს ხელისუფლების „ანტირუსული რიტორიკით“ გამართლება?!

და განა კრემლში არ იციან, რომ საქართველოში ჩამოყალიბდა შიში - რომ რუსეთი საქართველოს გეოსტრატეგიული მდებარეობის გამო მის მთლიან ანექსიას მოახდენს, პირველ რიგში - თავისი სტრატეგიული პარტნიორი სომხეთისთვის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გავლით „სიცოცხლის გზების“ გასახსნელად?! დასავლეთი საქართველოს ამაში არწმუნებს, ხოლო რუსეთი - გადარწმუნებას არ ცდილობს! შედეგად საქართველოს ნატოში შესვლა ტერიტორიების დასაბრუნებლად რუსეთთან ომისთვის კი არა, რუსეთისგან დაცვის მიზნით უნდა“.

2018 წლის 3 ივლისი
საქართველო, თბილისი
საქინფორმი

ამ თემაზე აგრეთვე წაიკითხეთ: „მოსკოველი მავნებლები“