პოლიტიკა
კონგრესმენი ტედ პო: საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი ადასტურებს აშშ-ის პოზიციას, რომ საქართველო უნდა გახდეს ნატოს წევრი

     საქართველო, 28 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი ადასტურებს ამერიკის შეერთებული შტატების სრულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ და ასევე, ჩვენს პოზიციას, რომ საქართველო უნდა გახდეს ნატოს წევრი, - ამის შესახებ კონგრესმენმა ტედ პომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

კონგრესმა ძალიან მკაფიოდ უნდა დაადასტუროს თავისი ერთგულება საქართველოსა და მისი დამოუკიდებლობის მიმართ. ასევე, საქართველოს ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია უცხო ძალის, რუსეთის მიერ, რაც მიუღებელია. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს არ უჭერს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ერთი მესამედის ოკუპაციას. როდესაც საკანონმდებლო აქტს მივიღებთ, და ვფიქრობთ, რომ ასეც მოხდება, ეს იქნება საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ერთიანობის კიდევ ერთი კარგი ნიშანი“, – განაცხადა ტედ პომ.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეების მიერ აშშ-ის კონგრესში წარდგენილი საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტი (Georgia Support Act) კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ასევე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას.

დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღება აშშ-საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას ეთმობა და აქტის თანახმად, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს საქართველოსთან ამ მიმართულებით თანამშრომლობის მომავალი ხუთი წლის სტრატეგიის წარდგენა ევალება.

კანონპროექტით კონგრესი აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს მოუწოდებს, გადადგას ქმედითი ნაბიჯები საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყების მიმართულებით.

საკანონმდებლო აქტით, კონგრესი აშშ-ში შესვლის აკრძალვისა და ფინანსური აქტივების დაყადაღების გზით სანქციების დაწესებას მოითხოვს ყველა იმ პირისადმი, ვინც უშუალო მონაწილეობით ან დახმარების გაწევის გზით პასუხისმგებელია რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებზე. კონგრესი ავალებს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს, აშშ-ის ხაზინის მდივანთან კონსულტაციის გზით, კანონის ამოქმედებიდან 60 დღის ვადაში ზემოხსენებულ დანაშაულებრივ ქმედებებში გამოვლენილი პირების თაობაზე დეტალური ანგარიშის წარდგენას.

საკანონმდებლო აქტით, კონგრესი გმობს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას; ასევე, ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევებს, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეების არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას და დავით ბაშარულის მკვლელობებს. ამ სახით კანონპროექტი ეხმიანება რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა დაოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შესახებ საქართველოს პარლამენტის ორპარტიულ რეზოლუციას.

ორპარტიული კანონპროექტით, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი აშშ-საქართველოს ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებისა და ახალ ეტაპზე გადასვლის ინიციატივით გამოდის.

მომდევნო ეტაპზე საკანონმდებლო აქტის პროექტს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტზე განიხილავენ. მხარდაჭერის შემთხვევაში, კანონპროექტს პლენარულ სხდომაზე უყრიან კენჭს. მიმდინარე მოწვევის აშშ-ის სენატის მიერ მსგავსი შინაარსის საკანონმდებლო აქტის დამტკიცებისა და აშშ-ის პრეზიდენტის მიერ მისი ხელმოწერის შემთხვევაში იგი კანონად იქცევა.