პოლიტიკა
სტრუქტურული ცვლილებები სამინისტროებში საკადრო შემცირებებს არ გამოიწვევს, სამინისტროებში სახელმწიფო მდივნის თანამდებობა იქნება შემოღებული - საქინფორმის კომენტარი

     საქართველო, 25 ივნისი, საქინფორმი. განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში აცხადებს, რომ სახელმწიფო მდივანი არაპოლიტიკური თანამდებობა იქნება. მარიამ ჯაშმა ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ოფისში განუცხადა, სადაც საქართველოს მთავრობაში სტრუქტურულ ცვლილებებზე კონსულტაციები მიმდინარეობდა.

მისივე თქმით, იხილება შესაძლებლობა, რომ ყველა სამინისტროს ფარგლებში იყოს არაპოლიტიკური პოზიცია სახელმწიფო მდივნების მიმართულებით.

სახელმწიფო მდივანი იქნება არაპოლიტიკური თანამდებობა, ეს იქნება კონკრეტული დარგის პორტფოლიოს მენეჯერი, რომელიც, მიუხედავად პოლიტიკური პროცესებისა და ცვლილებისა, დარჩება დარგის წამყვან მენეჯერად. პირველ ეტაპზე, თუკი პოზიციები შეჯერდება, საერთო პაკეტის ნაწილი იქნება სახელმწიფო მინისტრის პორტფოლიოს განსაზღვრაც.

ჩვენ ველოდებით, რომ რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულებით იქნება. იხილება შესაძლებლობა, რომ ყველა სამინისტროს ფარგლებში იყოს არაპოლიტიკური პოზიცია, სახელმწიფო მდივნების მიმართულებით“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

ცნობილი გახდა, რომ სამთავრობო ცვლილებების ფარგლებში სახელმწიფო მდივნის თანამდებობის შემოღებაზეც გამოითქვა მოსაზრება.

ამავე დროს, პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი განმარტავს, რომ სტრუქტურული ცვლილებები სამინისტროებში საკადრო შემცირებებს არ გამოიწვევს.

ეს განცხადება პარტია „ქართული ოცნების“ წევრმა პრემიერ-მინისტრსა და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შორის გამართული კონსულტაციების დასრულების შემდეგ გააკეთა.

ოპტიმიზაცია არ იქნება დაკავშირებული საკადრო შემცირებებთან, რაც, ალბათ, უნდა გაითვალისწინოს იმ ხალხმა, ვინც დღეს მუშაობს და უნდა იყოს მობილიზებული ისევე, როგორც გუშინ”, – განმარტა გია ვოლსკიმ.

მთავრობაში დაგეგმილი რეორგანიზაციის შესახებქართული ოცნებისოფისში კონსულტაციები გრძელდება. მცირე მთავრობის კონცეფციის თანახმად, რომელიც, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, დაახლოებით სამ კვირაში მომზადდება, სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდება და სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება.

საქინფორმი: სახელმწიფო მდივანი - პორტფოლიოს მენეჯერი“ - ეს არის შესაბამისი დარგის სპეციალისტი, პროფესიონალი, იმ პირობებში, როდესაც მინისტრი პოლიტიკური ფიგურაა. მაგალითად, ჯანდაცვის სამინისტროში ეს თანამდებობა პროფესიონალ ექიმს უნდა ეკავოს, თავდაცვის სამინისტროში - პროფესიონალ სამხედროს და ასე შემდეგ ყველა სამინისტროში, სადაც მინისტრებად დაინიშნებიან პოლიტიკოსები პროფილური განათლების გარეშე.
სახელმწიფო მდივნის მეორე დატვირთვაა „უპორტფელო“ მინისტრების - ანუ სახელმწიფო მინისტრების - ერთი სამინისტროს ფარგლებში გაერთიანება, მაგალითად, ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მდივანი (სახელმწიფო მინისტრი) შსს-ს სტრუქტურაში. ასეთ შემთხვევაში გამორიცხული არ არის, რომ ერთ მინისტრს რამდენიმე სახელმწიფო მდივანი ჰყავდეს, მაგალითად, საგარეო საქმეთა მინისტრს - სახელმწიფო მდივანი ევროინტეგრაციის საკითხებში და სახელმწიფო მდივანი დიასპორის საკითხებში.

რაც შეეხება კადრების შემცირებას, საქინფორმის მთავარი რედაქტორის დღევანდელ ინტერვიუში აღნიშნულია, რომ ბევრი სახელმწიფო მოსამსახურე, შემცირებაში მოხვედრის შიშით, ფარულად განიცდის წარსული დროის, მათ შორის - სააკაშვილის რეჟიმის ნოსტალგიას, რაც, სულ მცირე, უარყოფითად აისახება მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე.