სამართალი
აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტში ჩანაწერი ადასტურებს, რომ საქართველო აშშ-ის პოლიტიკურ დღის წესრიგში წინა პოზიციებზეა - დავით ზალკალიანი

     საქართველო, 22 ივნისი, საქინფორმი. აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტში საქართველოზე ჩანაწერი ასეთი მოცულობით და ამ სახით პირველად მოხვდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განუცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული ჩანაწერის არსებობა ძალიან მისასალმებელი მოვლენაა და ადასტურებს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის მტკიცე ორპარტიულ მხარდაჭერას საქართველოს მიმართ.

ეს ადასტურებს, რომ საქართველო არის ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკურ დღის წესრიგში საკმაოდ წინა პოზიციებზე. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს ისიც, რომ ამ აქტში საუბარია ევროპის უსაფრთხოების კონტექსტში საქართველოზე. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს უსაფრთხოება პირდაპირ მიბმულია ევროპის უსაფრთხოებაზე და პირიქით. მნიშვნელოვანია ასევე აღინიშნოს, რომ ამ აქტში საუბარია ნატოს ღია კარის პოლიტიკაზე. პირდაპირ არის მხარდაჭერილი საქართველოს ნატოში ინტეგრაცია. შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ ამ აქტით ამერიკასთან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა თვისობრივად ახალ დონეზე გადადის, რაც გამყარებულია როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო დონეზე“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ქართული მხარე ელოდება, რომ პრაქტიკული ნაბიჯები, რომლებიც უკვე განხორციელდა საქართველოსთან მიმართებაში თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით, შემდგომი პრაქტიკული ნაბიჯებით გაძლიერდება.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის ჯერ მხოლოდ ჩანაწერი სენატის აქტში. მსგავსი სახის ჩანაწერი არსებობს ქვედა პალატის კონგრესის აქტში. იმისათვის, რომ ეს იქცეს კანონად, შემდგომი ნაბიჯები ითვალისწინებს ორივე ჩანაწერის ერთობლივ შეჯერებას, რომელსაც შემდეგ უკვე სენატში ეყრება კენჭი და იქცევა საკანონმდებლო აქტად. ის ფაქტი, რომ კონგრესის ორივე პალატაში არსებობს ჩანაწერი, მიანიშნებს უპრეცედენტოდ მაღალი დონის მხარდაჭერაზე ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან“, – განაცხადა ზალკალიანმა.

აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტის პროექტში საქართველო აშშ-ის მოკავშირედ და პარტნიორად არის განხილული.
1tv.ge