პოლიტიკა
ჟენევის ფორმატი სასურველ შედეგს ვერ იძლევა, რადგან რუსეთს არ აქვს პოლიტიკური ნება, შედეგზე ორიენტირებული მსჯელობა წარიმართოს - დავით დონდუა

     საქართველო, 21 ივნისი, საქინფორმი. ჟენევის ფორმატს ცუდი არაფერი სჭირს, მისი ცვლილება ყოფილ პრემიერსაც არ ჰქონია მხედველობაში, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა დავით დონდუამ პირველ არხს განუცხადა.

მან კიდევ ერთხელ ილაპარაკა ჟენევის ფორმატის მნიშვნელობაზე და საქართველოს ხელისუფლების პოზიცია კიდევ ერთხელ განმარტა.

ჩვენ დავაფიქსირეთ, რომ მზად ვართ, პროგრესის მისაღწევად ყველაფერი გავაკეთოთ. ეს ეხება არა მარტო ჟენევას, არამედ კონფლიქტის მოგვარებას. მინისტრის ან პრემიერ- მინისტრის მონაწილეობა არ ნიშნავდა ჟენევის ფორმატის ტრანსფორმაციას. თუ დღის წესრიგი მოიტანდა ამის აუცილებლობას, მზად ვიყავით ასეთი მონაწილეობისთვის. არც ყოფილ პრემიერს ჰქონია მხედველობაში ჟენევის ფორმატის ცვლილება. ფორმატს ცუდი არაფერი სჭირს. ეს ფორმატია საინტერესო და უნიკალური.

ამ ფორმატში ჩართულია ყველა საერთაშორისო აქტორი, რომელსაც რაიმე ეთქმის კონფლიქტის მოგვარების საქმეში. ამაზე უკეთეს ფორმატს ვერ შევქმნით. პრობლემა არის ის, რომ ვერ იძლევა იმ შედეგს, რომელიც ჩვენ და საერთაშორისო ორგანიზაციებს გვსურს. ამ მოლაპარაკების მონაწილე რუსეთს არ აქვს პოლიტიკური ნება, რომ წარიმართოს შედეგზე ორიენტირებული მსჯელობა და მივიღოთ კონკრეტული გადაწყვეტილებები.

ძალისხმევაა საჭირო ჟენევაში და ფართო საერთაშორისო ასპარეზზე, რასაც ვაკეთებთ. ძალისხმევაა საჭირო იმისათვის, რომ რუსეთი ვაიძულოთ, დაიკავოს კონსტრუქციული პოზიცია და შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულება, რომელიც რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა აიღო“, – განაცხადა დავით დონდუამ.

ჟენევაში საერთაშორისო მოლაპარაკებების 44–ე რაუნდი მიმდინარეობს. განხილვის მთავარი თემებია საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის უკანანო ხელყოფის ფაქტები, ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების სრული დაცვით და მოლაპარაკება ძალის გამოუყენებლობაზე, რომელიც ბოლო რაუნდზე რუსეთის დესტრუქციული პოზიციის გამო ჩიხში შევიდა.
1tv.ge