უცხოეთი
გრიგორი კარასინი - თუ ჟენევის მოლაპარაკებების დროს ქართული მხარე არჩილ ტატუნაშვილის საკითხს დააყენებს, ისევ ვიმსჯელებთ

     საქართველო, 21 ივნისი, საქინფორმი. თუ ჟენევის მოლაპარაკებების დროს ქართული მხარე არჩილ ტატუნაშვილის საკითხს დააყენებს, ისევ ვიმსჯელებთ, – ამის შესახებ პირველ არხს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა განუცხადა.

მისი თქმით, დღეს უჭირს საუბარი, იქნება თუ არა პროგრესი ჟენევის მოლაპარაკებების 44-ე რაუნდზე.

„ჟენევაში არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებული ტრაგედიის განხილვა პირველად არ ხდება. თუ ქართული მხარე დააყენებს ამ საკითხს, მაშინ ისევ ვიმსჯელებთ. ტრაგედიაა და ძალიან ვწუხვარ, მაგრამ ამ თემის განხილვა უნდა მოხდეს მათთან, ვისაც მომხდართან კავშირი აქვს. ეს მხარეებია სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება და საქართველო. მე ვიცი, რომ ეს დიალოგი მიმდინარეობს. დღეს მიჭირს საუბარი იმაზე, იქნება თუ არა პროგრესი“, – განაცხადა გრიგორი კარასინმა.

ჟენევაში დღეს საერთაშორისო მოლაპარაკებების 44–ე რაუნდი დაიწყება. განხილვის მთავარი თემებია საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის უკანანო ხელყოფის ფაქტები, ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა ცეცხლის შეწყევტის შეთანხმების სრული დაცვით და მოლაპარაკებები ძალის გამოუყენებლობაზე, რომელიც ბოლო რაუნდზე რუსეთის დესტრუქციული პოზიციის გამო ჩიხში შევიდა.

1tv.ge