სამართალი
საქართველო მცირე ზომის ციხეების მოდელზე გადადის, დაგეგმილია არაუმეტეს 500 კაცზე გათვლილი ციხეების მშენებლობა

     საქართველო, 20 ივნისი, საქინფორმი. პენიტენციური სისტემა მცირე ზომის ციხეების მოდელზე გადადის, - ამის შესახებ საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატმა კახა კახიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მცირე ზომის ციხეები გაცილებით მარტივი სამართავია.

როგორც კახიშვილი ამბობს, ახალი ციხეები არაუმეტეს 500 ბენეფიციარზე იქნება გათვლილი.

გადავწყვიტეთ, გადავიდეთ პატარა ციხეების მოდელზე. შემუშავდა და მზად არის პროექტი პატარა ციხეების, რადგან სამართავად უფრო ეფექტიანია. დაახლოებით ერთი და იგივე პროექტით ჩვენ დავიწყებთ მშენებლობას არაუმეტეს 500-კაციანი ციხეების“, – განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.

ამასთან, მისი შეფასებით, მნიშვნელოვანი საკითხია ის, თუ რა უნდა შესთავაზოს სახელმწიფომ პენიტენციურ დაწესებულებაში რამდენიმე წლით მოხვედრილ პირს, რომ ის არ დაინტერესდეს კრიმინალური სუბკულტურით ან კრიმინალური სუბკულტურის მქონე პირებმა არ მოახდინონ მასზე გავლენა.

ეს არის ბენეფიტები, რომელიც დაკავშირებული იქნება გათავისუფლებასთან. ამიტომ ჩვენ მალე წარმოგიდგნთ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომლის შესაბამისად, ერთი მხრივ, ბიზნესს მივცემთ დაინტერესებას, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში შექმნან სამუშაო ადგილები და მეორე მხრივ, მსჯავრდებულებს, რომლებიც ჩაერთვებიან შრომით საქმიანობაში, შესაბამისი ფორმულის საფუძველზე მოაკლდებათ საპატიმრო დღეები. შემდგომში კი, გამოკლებულზე შეეხებათ ყველა ის ბენეფიტი, რომელსაც კანონი ითვალისწინებსპირობით ვადამდე გათავისუფლება თუ შეწყალების ათვლა“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.

მისი განმარტებით, აღნიშნული სიახლე ეფექტიანი ნაბიჯი იქნება და მსგავსი სახის საქმიანობაში მეტი მსჯავრდებული ჩაერთვება.

კახა კახიშვილს, მინისტრობის სხვა კანდიდატებთან ერთად, საპროცედურო საკითხთა და წესების; იურიდიულ საკითხთა; თავდაცვისა და უშიშროების; ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე მოუსმინეს, სადაც მან პენიტენციურ სისტემაში გატარებულ რეფორმებზე და გეგმებზე ილაპარაკა.