პოლიტიკა
მოლოდინი გვაქვს, რომ ნატოს ბრიუსელის სამიტზე საქართველოს პროგრესი ასახული იქნება - დავით ზალკალიანი

     საქართველო, 20 ივნისი, საქინფორმი. საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატის დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველო ნატოს ბრიუსელის სამიტისთვის აქტიურად ემზადება. როგორც სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ზალკალიანმა განაცხადა, პარტნიორები აღიარებენ საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. მისი თქმით, მაისში ნატოს სამიტის მოსამზადებელ ბოლო შეხვედრაზე იმყოფებოდა, სადაც საქართველოში გატარებულ რეფორმებზე ხანრგძლივი დისკუსია გაიმართა.

ზალკალიანის თქმით, ქართულ მხარეს მოლოდინი აქვს, რომ ბრიუსელის სამიტზე საქართველოს პროგრესი ასახული იქნება და ქვეყანა სხვადასხვა ფორმატში მონაწილეობას მიიღებს. ამასთან, ის ამბობს, რომ საქართველოს ნატოს მიმართ წინადადებები ჰქონდა შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით.

საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატს საგარეო ურთიერთობათა, დიასპორისა და ევროინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე მოუსმინეს. მინისტრობის კანდიდატების მოსმენის გრაფიკი საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დამტკიცდა. 20 ივნისს კი ქუთაისში გაიმართება პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სადაც პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე იმსჯელებს. პარლამენტმა საქართველოს პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე მოთხოვნა უკვე გაუგზავნა. საქართველოს პარლამენტს ნდობის მისაღებად მთავრობის შემადგენლობა ოფიციალურად ორშაბათს წარედგინა.

საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატის დავით ზალკალიანის განცხადებით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მამუკა ბახტაძის გადასაწყვეტია, იქნება თუ არა ის საგარეო უწყების ხელმძღვანელად წარდგენილი მთავრობის განახლებულ შემადგენლობაში. როგორც ზალკანიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან წასვლის თაობაზე უკვე ყოფილმა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ პირადი გადაწყვეტილება მიიღო და განმარტებაც გააკეთა.

„ერთად ვიმუშავეთ და ჩვენ საგარეო ურთიერთობათა მიმართულებით მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები გვქონდა. მინდა, შემდგომ საქმიანობაში მას წარმატება ვისურვო. საგარეო პრიორიტეტები, რომელიც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ გაცხადებულია, არის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია. ეს ისტორიული არჩევანია, რაც გაკეთებულია ქართველი ხალხის მიერ და გამყარებულია საქართველოს კონსტიტუციითა და პარლამენტის მიერ 2016 წელს მიღებული რეზოლუციით, რომელიც საგარეო კურსს ეხება“, – განაცხადა ზალკალიანმა.

მისი თქმით, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური კურსი შეუქცევადია, იმ ცვალებად და დინამიკურ გარემოში, რომელიც რეგიონში ჩამოყალიბდა. „საქართველო ცდილობს, თავისი ადგილი დაიმკვიდროს და მინიმუმამდე დავიყვანოთ საფრთხეები და გამოწვევები, რომელიც არსებობს, რადგან ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარება და უსაფრთხოება არის უმთავრესი, რაზეც უნდა იზრუნოს მთავრობამ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ“, – განაცხადა ზალკალიანმა.