საზოგადოება
იორდანიაში აფხაზური დიასპორის დაახლოებით 130 წარმომადგენელს ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებს სურს - ბესლან დბარი

     საქართველო, 13 ივნისი, საქინფორმი. „აფხაზეთში დაბრუნება უნდათ ადამიანებს, რომელთა ასაკი 35-დან 50 წლამდეა. როგორც ისინი ამბობენ, მათი მშობლები იორდანიაში დარჩებიან იმის გამო, რომ უკვე ხანდაზმულები არიან“, - განაცხადა რადიო Sputnikთან ინტერვიუში რეპატრიაციის დე ფაქტო მინისტრმა ბესლან დბარმა, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ ისტორიულ სამშობლოში დაბრუნების მსურველები რეპატრიაციის ფონდისგან დახმარებას არ ითხოვენ.

„მათ ცხოვრების მოწყობა საკუთარი ძალებით უნდათ. თუმცა, აინტერესებდათ, შეექმნებათ თუ არა პრობლემები შვილებისთვის აფხაზური ენის სწავლებაში“, - დააზუსტა დბარმა, რომლის თქმითაც, ზაფხულის ბოლომდე გადაწყდება იორდანიიდან ჩამოსულთათვის საცხოვრებლის გამოყოფის შესახებ საკითხების ნაწილი. მათ დასახლებას გაგრის და გალის რაიონებში ვარაუდობენ.

„გაგრა და გალი - ჩვენი რესპუბლიკის კარიბჭეა. სასაზღვრო გაგრის რაიონში, ისევე, როგორც გალის რაიონში სხვა ეროვნებები ცხოვრობენ, იქ კი აფხაზები უნდა ცხოვრობდნენ, რომლებიც რესპუბლიკაში ჩამოსულებს „კეთილი იყოს თქვენი მობრძანება“ ეტყვიან,“ - განაცხადა დბარმა.