ახალგორის რაიონის საბავშვო ბაღების პედაგოგებისთვის ოსური და რუსული ენის ცოდნა სავალდებულო გახდა
სამართალი
ახალგორის რაიონის საბავშვო ბაღების პედაგოგებისთვის ოსური და რუსული ენის ცოდნა სავალდებულო გახდა

     საქართველო, 13 ივნისი, საქინფორმი. ახალგორის რაიონის საბავშვო ბაღების პედაგოგებისთვის ოსური და რუსული ენის ცოდნა სავალდებულო გახდა. ამის შესახებ ახალგორის ახალი საბავშვო ბაღის გახსნის დროს გახდა ცნობილი, რომელსაც დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვიც ესწრებოდა.

არსებული ინფორმაციით, გათავისუფლებულია ახალგორის ორი საბავშვო ბაღის თითქმის ყველა პადაგოგი და დამლაგებელიც კი. გათავისუფლების ერთადერთი მიზეზი ოსური და რუსული ენის არცოდნაა. ახალგორის გამგებელი ნუგზარ თინიკაშვილი ამ გადაწყვეტილებას ქართული ენის შეზღუდვისა და ოკუპირებული ტერიტორიიდან ქართული ოჯახების განდევნის მცდელობად აფასებს.

სამწუხაროა, რა ნაბიჯებსაც დგამს თვითგამოცხადებული რეჟიმი, ეს მიმართულია ახალგორში ქართული ენის შეზღუდვისკენ და იმისთვის კეთდება, რომ ქართულმა ოჯახებმა დატოვონ ახალგორი. ორი ბაგა-ბაღი იყო იქ და ქართულენოვანი საბავშვო ბაღი რამდენიმე თვის წინ გააუქმეს. ახლა ბაღში სულ 40-მდე აღსაზრდელი იქნება და ამ ბავშვებმა ქართული ენის გარდა არ იციან სხვა ენა. უკრძალავენ პედაგოგებს ბავშვებთან ქართულ ენაზე საუბარს. არც პედაგოგები არიან სათანადოდ მომზადებული. სკოლების შემდეგ ქართული ენის ეს უკვე საბავშვო ბაღებში შეზღუდვის მცდელობაა“, – განაცხადა პირველ არხთან ნუგზარ თინიკაშვილმა.