სამართალი
შეკრებისა და მანიფესტაციის გამართვა ტრანსპორტის სავალ ნაწილზე დასაშვებია მაშინ, როდესაც მისი ჩატარება, მონაწილეთა რაოდენობიდან გამომდინარე, სხვაგვარად შეუძლებელია - ომბუდსმენი

     საქართველო, 12 ივნისი, საქინფორმი. „საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, შეკრებისა და მანიფესტაციის გამართვა ტრანსპორტის სავალ ნაწილზე დასაშვებია მაშინ, როდესაც შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარება შეუძლებელია სხვაგვარად, მონაწილეთა რაოდენობიდან გამომდინარე, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს მთავრობას ან თვითმმართველობის ორგანოს აქვს უფლება, შეზღუდოს პირის უფლება, გამართოს მანიფესტაცია ან შეკრება ტრანსპორტის სავალ ნაწილზე, თუ გზის გადაკეტვა არ არის განპირობებული ხალხის რაოდენობით.

ბატონ ზაზა სარალიძის და ყველა იმ პირის უფლებების დასაცავად მე და ჩემი აპარატი 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ. ჩვენ გვინდა, ვნახოთ საქმის ყველა დეტალი, თუ ვინმეს პასუხისმგებლობის დაყენების მოთხოვნა არის შესაძლებელი, მოვითხოვოთ. ასევე ვმუშაობთ ყველა იმ პრობლემის აღმოსაფხვრელად, რომელიც სისტემურია. დამეთანხმებით, რომ ამ საქმის მასშტაბი სცილდება ერთ კონკრეტულ შემთხვევას და სხვა გლობალურ პრობლემებს წარმოაჩენს. ეს არის საქმე, სადაც დღის წესრიგშია როგორც დათო სარალიძის უფლებების დაცვა, ასევე სხვა გარდაცვლილი ბავშვების უფლებები და ინტერესები. მე სრულიად მესმის პიროვნული მღელვარება და ბრაზი, რომელიც ბატონ ზაზას ან აქციაზე შეკრებილ ნებისმიერ პირს შეიძლება ქონდეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, აუცილებელია, რომ პროტესტის გამოხატვის ფორმა იყოს კანონიერი“, – აცხადებს ნინო ლომჯარია.

მისი შეფასებით, გზის სავალი ნაწილის გადაკეტვით დაზარალდება მხოლოდ ის მოსახლეობა, რომელიც ყოველდღიურად გადაადგილდება ამ ქუჩაზე და რომელიც ასევე სოლიდარულია ზაზა სარალიძის მიმართ.

მისასალმებელია პროტესტის ყველა ფორმა, მაგრამ ამავდროულად აუცილებელია, რომ აღნიშნული მშვიდობიანი და კანონიერი იყოს. კანონიერის ქვეშ, პირველ რიგში, ვგულისხმობ იმას, რომ სხვა პირთა უფლებები არ დაირღვეს. ამავდროულად, ხაზი მინდა გავუსვა იმ ფაქტს, რომ აუცილებელია, მართლწესრიგის დაცვისას გამოყენებული ყველა ზომა იყოს პროპორციული და ადეკვატური“, – აცხადებს საქართველოს სახალხო დამცველი.

როგორც საქინფორმი იუწყებოდა, რუსთაველის გამზირზე სამართალდამცველებმა კარვები საავტომობილო გზიდან პარლამენტის წინ არსებულ ტერიტორიაზე გადაიტანეს და გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განახლდა.