საქართველო აფასებს ბულგარეთის, როგორც ნატოს საკონტაქტო საელჩოსა და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარის ძალისხმევას - ირაკლი კობახიძე
პოლიტიკა
საქართველო აფასებს ბულგარეთის, როგორც ნატოს საკონტაქტო საელჩოსა და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარის ძალისხმევას - ირაკლი კობახიძე

     საქართველო, 12 ივნისი, საქინფორმი. პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველო და ბულგარეთი, ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, ევროპასა და აზიას შორის ბუნებრივ ხიდს ქმნიან, შავი ზღვისა და ფართო რეგიონის პოტენციალის სრულად ასათვისებლად კი ამ შესაძლებლობის გამოყენება აუცილებელია.

ირაკლი კობახიძემ საქართველო-ბულგარეთის ურთიერთობაზე ბულგარელ კოლეგასთან ცვეტა კარაიანჩევასთან გამართული შეხვედრის შემდეგ ილაპარაკა. მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი ქვეყნებსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენებს, ასევე ორმხრივ ურთიერთობებში არსებულ მნიშვნელოვან საკითხებს შეეხო.

ბულგარელ კოლეგას ბულგარეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადავუხადეთ. საქართველო ამ თვალსაზრისით აფასებს ბულგარეთის, როგორც ნატოს საკონტაქტო საელჩოსა და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარის ძალისხმევას. სტუმრებს ქვეყანაში მიმდინარე ფართომასშტაბიანი რეფორმები გავაცანით, რომლებიც მიზნად საქართველოში დემოკრატიის გამტკიცებას, კეთილდღეობის ზრდას, სტაბილურობისა და უსაფრთხოების გაძლიერებას ისახავს. უკვე 26 წელია, რაც ქვეყნებს შესანიშნავი პოლიტიკური და დიპლომატიური ურთიერთობები გვაქვს. თუმცა, ამის მიღმა ჩვენს ხალხებს მრავალსაუკუნოვანი ისტორია აკავშირებ, რასაც ძალიან ვაფასებთ და ვუფრთხილდებით. მინდა, ამ კონტექსტში განსაკუთრებით ხაზი 1083 წელს ძმები ბაკურიანიძეების მიერ დაფუძნებულ პეტრიწონის, იგივე ბაჩკოვოს მონასტერს გავუსვა, რომელიც საქართველოსა და ბულგარეთის კულტურული ერთობის და სულიერი მემკვიდრეობის სიმბოლოს წარმოადგენს”, – აღნიშნა სპიკერმა.

ირაკლი კობახიძე იმ მემორანდუმსაც გამოეხმაურა, რომელსაც მხარეებმა ხელი მოაწერეს.

ამგვარი დინამიური და მჭიდრო ურთიერთობების გათვალისწინებით, პარლამენტებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი, რომლითაც ორმხრივ საპარლამენტო დიალოგს ხარისხობრივად ახალ ეტაპზე ავიყვანთ და სხვადასხვა სფეროში სამომავლო თანამშრომლობას საფუძველს ჩავუყრით”, – განაცხადა კობახიძემ.

ბულგარეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტის ცვეტა კარაიაჩევას განცხადებით, ბულგარეთი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში სრულ მხარდაჭერას გამოხატავს. კარაიანჩევას თქმით, მხარეები ქვეყნებს შორის პოლიტიკურ დიალოგს დადებითად აწარმოებენ.

ამის დადასტურება პარტნიორობის შესახებ საქართველოს პარლამენტსა და ბულგარეთის ეროვნულ ასამბლეას შორის დღეს ხელმოწერილი ხელშეკრულებაა. დოკუმენტის თანახმად, ორივე მხარე ისწრაფვის, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაცია გააძლიეროს. ყველამ იცის, რომ ბულგარეთი ევროსაბჭოს თავმჯდომარეა, რამაც დამატებითი შესაძლებლობები მოგვცა, რომ ჩვენი ურთიერთობები გავაღრმავოთ. დადებითად ვაფასებ, რომ საქართველოს ახალ კონსტიტუციაში ჩაწერილია სურვილი, ევროკავშირისა და ნატოს წევრი გახდეს. ჩვენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში სრულ მხარდაჭერას გამოვხატავთ. შეგიძლიათ, ჩვენი მხარდაჭერა მომავალშიც იქონიოთ.
შეგახსენებთ, რომ ევროპის პარლამენტში ვიზალიბერალიზაციის საკითხებში მომხსენებელი ბულგარელი ევროდეპუტატი მარია გაბრიელი იყო, რომელიც დღეს ევროკომისარია. ამავე კონტექსტში მინდა, მაღალი შეფასება მივცე ორმხრივ ურთიერთობებს საქართველოსა და ბულგარეთს შორის უსაფრთხოების, არალეგალური მიგრაციის, ტერორიზმის, ნარკოტრაფიკთან ბრძოლის სფეროებში”, – განაცხადა კარაიანჩევამ.