სამართალი
სერგი კაპანაძე - კომისიაზე მოვა ყველა, ვის მიმართაც კითხვები არსებობს, ეს იქნება ირაკლი შოთაძე, მირზა სუბელიანი თუ სხვა, არც თეა წულუკიანია გამორიცხული

     საქართველო, 8 ივნისი, საქინფორმი. დროებითი საგამოძიებო კომისიის ამოცანაა, საზოგადოებამ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით არსებულ ყველა კითხვაზე მიიღოს პასუხი, – ამის შესახებ საგამოძიებო კომისიის ხელმძღვანელმა სერგი კაპანაძემ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, მსგავსი შეხვედრები არასამთავრობო სექტორთან მომავალშიც გაიმართება და კომისიის მუშაობა საჯარო იქნება, რამდენადაც ამის საშუალებას კანონი იძლევა.

იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოებრივი ინტერესი არის ძალიან მაღალი, ეს არის აუცილებელი პროცესი და ჩვენ კიდევ ბევრჯერ გვექნება მსგავსი შეხვედრები არასამთავრობო სექტორთან. მოვისმინეთ მათი შეკითხვები, თუ რა კუთხით ვიმუშავებთ. ამაზე ჩვენი პასუხია, რომ ვიქნებით მაქსიმალურად საჯარო, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება კანონით“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

მისი თქმით, კომისიაზე დაბარებული იქნება ყველა ის პირი, რომელიც ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმესთან შეხებაშია.

ჩვენი ამოცანაა, საზოგადოებამ ყველა კითხვაზე, რომელიც დღეს არსებობს, პასუხი მიიღოს. ვაპირებთ, ყველა ადამიანი, რომელიც რამე შემხებლობაშია ამ საქმესთან, მოვიყვანოთ კომისიაზე. არ აქვს მნიშვნელობა არც თანამდებობას, არც ყოფილ თანამდებობას, არც პოლიტიკურ წონას. ეს ჩვენთვის შეზღუდვა არ იქნება, ამიტომ ვეცდებით, წინ წავწიოთ ეს პროცესი“, – განაცხადა კაპანაძემ.

დეპუტატის განმარტებით, კომისიის ფუნქცია არა ვინმეს დაჭერა, არამედ ყველაფრისთვის თავისი სახელის დარქმევაა.

ჩვენი ფუნქცია არ არის ვინმეს დაჭერა, ჩვენი ამოცანაა ყველაფრისთვის თავისი სახელის დარქმევა. კომისიის სხდომაზე მოვლენ ის ადამიანები, ვის მიმართაც კითხვები არსებობს, ირაკლი შოთაძე იქნება, მირზა სუბელიანი იქნება თუ სხვა, მათ შორის არც თეა წულუკიანია გამორიცხული. ამას ყველაფერს გადაწყვეტს კომისია“, – აღნიშნა მან და დასძინა, რომ კომისია რეალურად ხვალიდან იწყებს მუშაობას და მასთან მოკლული არასრულწლოვანის მამა ზაზა სარალიძეც ითანამშრომლებს.