პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის გადაყენების მოთხოვნა სრულიად აბსურდული და გონივრულ საფუძველს მოკლებულია - პრემიერი კვირიკაშვილი

     საქართველო, 7 ივნისი, საქინფორმი. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვლის განცხადებაშია აღნიშნული, რომლითაც ის თეა წულუკიანის იუსტიციის მინისტრობიდან გადაყენების შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის მოთხოვნას გამოეხმაურა.

პრემიერი აღნიშნავს, რომ არასამთავრობოების განცხადებებში იკვეთება საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანის მცდელობა, რაც სრულიად მიუღებელია.

მინდა, გამოვეხმაურო არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი ნაწილის მოთხოვნას, რომელიც მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესში მონაწილეობის სანაცვლოდ იუსტიციის მინისტრის გადადგომის პირობას აყენებს.

ჩვენ არაერთხელ ვთქვით და კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესში მაქსიმალურად ფართო საზოგადოებრივ ჩართულობას უზრუნველვყოფთ. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ პროცესში საზოგადოების, აკადემიური წრეების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. იუსტიციის სამინისტრომ კანონის შესაბამისად პროცედურები უკვე დაიწყო.

მიუღებელია, რომ არასამთავრობოების ნაწილი ულტიმატუმის ენით გვესაუბრება და ცდილობს, ბოიკოტის გამოცხადებით ეჭვქვეშ დააყენოს პროცესის ლეგიტიმაცია. მათ განცხადებებში იკვეთება საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანის მცდელობა, რაც ასევე სრულიად მიუღებელია. ამიტომ მოვუწოდებ მათ, ნუ გასცდებიან საკუთარი საქმიანობის მანდატს და თუ მათი მიზანი მართლაც პროცესის გამჭვირვალედ წარმართვაა, მეტი პასუხისმგებლობით მიუდგნენ თავიანთ გადაწყვეტილებებს“, – ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაში.

რაც შეეხება იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის გადაყენების მოთხოვნას, როგორც გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, ეს არის სრულიად აბსურდული და გონივრულ საფუძველს მოკლებული მოთხოვნა.

ათამდე არასამთავრობო ორგანიზაციამ იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის გადადგომა მოითხოვა. როგორც არასამთავრობოების წარმომადგენლებმა პრესკონფერენციაზე განაცხადეს, თუ თეა წულუკიანი არ გადადგება, ისინი მთავარი პროკურორობის კანდიდატის შერჩევის პროცესში არ ჩაერთვებიან.