აქტუალური
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მშობლებს მათ ადვოკატთან და სახალხო დამცველთან ერთად შეხვდა.

     საქართველო, 6 ივნისი, საქინფორმი. შეხვედრას ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი შალვა თადუმაძე დაესწრნენ.

სამწუხაროდ, აქამდე არ მომეცა საშუალება, მშვიდ ვითარებაში შეგხვედროდით. კიდევ ერთხელ მინდა, მოგისამძიმროთ. ღმერთის წინაშე მინდა ვთქვა, რომ აბსოლუტურად შევდივარ თქვენს მდგომარეობაში და ეს ჩემთვის ისეთივე ტრაგედიაა, როგორც ნებისმიერი ადამიანისთვის, ვინც თქვენი ოჯახების უბედურებას უყურებს“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა მოისმინა ის კითხვები, რომლებიც სარალიძეების ოჯახს მათი შვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით აქვს და აღნიშნა, რომ ამ თემაზე გარკვეული ინფორმაცია 1 ივნისს სახალხო დამცველთან შეხვედრისასაც მიიღო.

ზაზა სარალიძეს გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა მინისტრმა მიაწოდა. შეხვედრაზე შედგა შეთანხმება, რომ სარალიძეების ოჯახი სახალხო დამცველის მეშვეობით საქმის მასალებს გაეცნობა. ანალოგიური შეთანხმება შედგა დადუნაშვილების ოჯახთან შსს-ში რამდენიმე დღის წინ გამართულ შეხვედრაზე.

პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას ასევე შეთანხმდნენ კონკრეტულ ფორმატზე, რომელიც ზაზა სარალიძეს გამოძიების მიმდინარეობისას ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას მისცემს.