საზოგადოება
2018 წლის მაისში წლიური ინფლაციის დონემ 2,5% შეადგინა, ხოლო სამომხმარებლო ფასების ინდექსი არ შეცვლილა

     საქართველო, 5 ივნისი, საქინფორმი. 2018 წლის მაისში წლიური ინფლაციის დონემ 2,5% შეადგინა, ხოლო წინა თვესთან შედარებით სამომხმარებლო ფასების ინდექსი არ შეცვლილა. მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს.

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები – ფასები შემცირდა 0,7 პროცენტით, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე -0,22 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა: რძე, ყველი და კვერცხი (-6,6%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (-0,5%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-0,1%).

ამასთან, ფასები გაიზარდა ხილსა და ყურძენზე (4,0%), ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (1,7 პროცენტი), ასევე თევზეულზე (1,5%); ტრანსპორტი - ფასები გაზრდილია 1,0 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0,13 პროცენტული პუნქტით აისახა.

ფასები ასევე გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (1,2%) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (1,2%).