საზოგადოება
სამწუხაროა, რომ არსებობენ თვითმხილველები, რომლებიც კონკრეტულ ფაქტზე არ ლაპარაკობენ, ეს არის მენტალური პრობლემა, რაც უნდა შევცვალოთ! - კახი კალაძე

     საქართველო, 4 ივნისი, საქინფორმი. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახ კალაძემ ჟურნალისტებს ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე საუბრისას განუცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, ძალიან ბევრი დრო დასჭირდება იმას, რომ საზოგადოების მენტალობა შეიცვალოს.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მუშაობა რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობსშინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა მუშაობენ. ასევე, საპარლამენტო კომისია შეიქმნა, რომელიც მუშაობას დაიწყებს. თუ გარდაცვლილების ოჯახებს რაიმე კითხვები აქვთ დარჩენილი, ყველა კითხვას პასუხი აუცილებლად გაეცემა. შსს- განცხადება მოვისმინე, რომ დაბარებული ჰყავთ მოწმეები. როგორც ვიცით, 100 ადამიანიდან გამოძიებასთან მხოლოდ ოთხმა მოწმემ ითანამშრომლა.

მგონია, რომ ეს ჩვენი მენტალური პრობლემაა. როდესაც ასეთ მძიმე შემთხვევასთან გვაქვს საქმე, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა და მკვლელობით დასრულდა, ასეთ დროს, სამწუხაროა, რომ არსებობენ თვითმხილველები, რომლებიც არ საუბრობენ კონკრეტულ ფაქტზე. ამ მხრივ ბევრი გვაქვს სამუშაო. ძალიან ბევრი დრო დაგვჭირდება, რომ მენტალური პრობლემები შევცვალოთ. ეს უნდა იყოს სირცხვილი, ტრაგედია თითოეული ჩვენგანისთვის და არა საამაყო ის, რომ ჩემმა შვილმა არ გათქვა და მომხდარზე არ ისაუბრა“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ჟურნალისტების შეკითხვაზე - როგორც შეაფასებს ზვიად კუპრავას მოწოდებას, რომ საქართველოს მთავრობა და პრემიერ-მინისტრი უნდა გადადგეს - კახი კალაძემ უპასუხა, რომ გარკვეული ძალები ცდილობენ, გარდაცვლილების ოჯახების ტრაგედია საკუთარი პარტიული ინტერესებისთვის გამოიყენონ.

არ ვიცი, ზვიად კუპრავა ვინ არის და რას წარმოადგენს. რა წარსული აქვს, ძალიან კარგად ვიცი. ჩვენთვის მთავარი ამოცანა არის ის, რომ ამ ოჯახების ტრაგედიით მანიპულირების შესაძლებლობა არავის მივცეთ. ამას არ დავუშვებთ. ჩვენ ვისმენთ გასაოცარ მოწოდებებს. ამ ქვეყანაში თავისუფლების გამოხატვის შესაძლებლობა ნებისმიერ ადამიანს აქვს. 2012 წლის შემდეგ ყველაფერი შევცვალეთ და დღეს ყველა თავისუფალია, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ეს ქაოსში არ უნდა გადაიზარდოს. გარკვეული ძალები არსებობენ, რომლებიც განსაკუთრებით ბოლო დღეების განმავლობაში გამოჩნდნენ. მათ სურვილი აქვთ, რომ ოჯახების ტრაგედია თავიანთი ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის გამოიყენონ. ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება არსებობს, თუმცა, როგორც კი ვინმეს მხრიდან რაიმე გადაცდომა იქნება, ხელისუფლება ადეკვატურად და კანონის ფარგლებში იმოქმედებს“, – აღნიშნა კალაძემ.