საზოგადოება
პატრიარქი ლოცავს, მაგრამ სასამართლოს და სამართალდამცველი სტრუქტურების კომპეტენციაში არ ერევა, რაც მოკლული მოსწავლის მშობლებთან შეხვედრამაც დაადასტურა - საქინფორმი

     საქართველო, 4 ივნისი, საქინფორმი. ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე გასულ შაბათს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდა. ზაზა სარალიძემ პატრიარქთან შეხვედრის სურვილი იმ დილით გამოთქვა, რაზეც ილია მეორემ თანხმობა განაცხადა.

მეუღლე მძიმე ემოციურ მდგომარეობაშია და არ მინდა ახლა ვისუბრო. პატრიარქთან ლოცვა-კურთხევის ასაღებად ჩემს მეუღლესთან და შვილთან ერთად მივედი, დაგვლოცა, გვირჩია, რომ ლოცვა გაგვაძლიერებს, – საპატრიარქოდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა ზაზა სარალიძემ ჟურნალისტებს. მას ილია მეორესთან შეხვედრის შინაარსზე არ ულაპარაკია.

„დეტალებში აბსოლუტურად ყველაფერი მოვუყევი, რასაც ნებისმიერ ადამიანს ვუყვები, დაგვლოცა, ლოცვა-კურთხევა ავიღე და წამოვედი. პატრიარქთან ვიყავი და არა შს მინისტრთან, გთხოვთ, ნუ გააიგივებთ, დეტალებზე საუბარი არ გვქონია, ვიყავით ლოცვა კურთხევის ასაღებად. აქამდეც დიდი სურვილი გვქონდა პატრიარქთან შეხვედრის მე და ჩემს მეუღლეს და რახან ეს შანსი მომეცა, არ გავუშვი ხელიდან“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

საქინფორმი: სარალიძისთვის მხარდაჭერის გამოხატვა მის, უფრო სწორად, სააკაშვილის მიერ ნაკარნახევ მოთხოვნაში მთავრობის გადადგომის შესახებ პატრიარქს არ შეეძლო, მითუმეტეს, რომ უწმინდესი სამართალდამცველი სტრუქტურების და სასამართლოს კომპეტენციაში არ ერევა, მაშინაც კი, როდესაც საქმე საპატრიარქოს მაღალჩინოსნებს ეხება, როგორიცაა დეკანოზი მამალაძე.

პატრიარქს შეეძლო, ზაზა სარალიძისთვის ერჩია, ახალ გამოძიებასთან დიალოგზე წასულიყო, მაგრამ მათი საუბარი საიდუმლოდ შეენახა და ჟურნალისტებისთვის დეტალები არ გაემხილა. რაც აშკარად არ აძლევს ხელს სააკაშვილს, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას შვილმოკლული მამის ტრაგედიით აშანტაჟებს და სარალიძეს აიძულებს, შვილის სიკვდილით ივაჭროს, რათა, არანაკლებ, მთავრობის გადადგომას მიაღწიოს.