უვიზო რეჟიმს ბოროტად ქართველების მხოლოდ მცირე ნაწილი იყენებს - SPIEGEL გიორგი გახარიასთან ინტერვიუს აქვეყნებს
სამართალი
უვიზო რეჟიმს ბოროტად ქართველების მხოლოდ მცირე ნაწილი იყენებს - SPIEGEL გიორგი გახარიასთან ინტერვიუს აქვეყნებს

     საქართველო, 31 მაისი, საქინფორმი. საქართველოს მოქალაქეების უმეტესობა „შენგენის ზონაში“ უვიზოდ მოგზაურობის წესებს არ არღვევს და ამ პრივილეგიით სიამოვნებით სარგებლობს, – ასე პასუხობს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია გერმანული გამოცემა SPIEGEL-ის ჟურნალისტის კითხვებს.

გახარიას თქმით, 2017 წლის მარტიდან 2018 წლის მაისამდე პერიოდში გერმანიაში საქართველოს 66 091 მოქალაქე ჩავიდა და მათგან მხოლოდ მცირე ნაწილმა მოითხოვა პოლიტიკური თავშესაფარი.

მისივე თქმით, საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადების რიცხვი 2018 წლის იანვარში 696 იყო, თუმცა აპრილში მხოლოდ 295 მოთხოვნა დაფიქსირდა.

იანვრიდან მოყოლებული, თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი ყოველ თვე მცირდება“, – ამბობს გახარია.

როგორც მინისტრმა SPIEGEL-ს განუცხადა, საქართველო სერიოზულად უდგება თავისი მოქალაქეების მიერ გერმანიაში ჩადენილი დანაშაულების შემთხვევებსაც.

ჩვენ შეშფოთებული ვართ და ყველა ფაქტს მნიშვნელობას ვანიჭებთ, თუმცა სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ გერმანიაში ჩადენილი დანაშაულებიდან ქართველებზე მხოლოდ 0,3 პროცენტი მოდის. ამიტომ ვფიქრობ, მედიასა და პოლიტიკურ წრეებში რეაქცია ცოტა გადაჭარბებულია“, – განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა.

გერმანულ გამოცემასთან ინტერვიუში გახარია საქართველოს მთავრობის მიერ უვიზო რეჟიმის წესების დარღვევის პრევენციის მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზეც ლაპარაკობს. მათ შორის არის კანონი, რომელიც მოქალაქეებისთვის გვარის შეცვლის პროცედურას ართულებს. ის ასევე მიესალმება გერმანიის პარლამენტში ინიცირებულ წინადადებას, რომელიც საქართველოს „უსაფრთხო ქვეყნების“ სიაში შეყვანას ითვალისწინებს. ამის შემდეგ საქართველოს მოქალაქეების განაცხადების განხილვისა და მათი დეპორტაციის პროცესი დაჩქარდება.

SPEGEL საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრთან ინტერვიუს გიორგი გახარიას გერმანელ კოლეგასთან შეხვედრის წინ აქვეყნებს. როგორც გერმანული მედიასაშუალება წერს, მინისტრები ბერლინში შეხვდებიან. მოლაპარაკებების მთავარი თემა საქართველოს მოქალაქეების მიერ შენგენის ზონაში მოგზაურობისას უვიზო მიმოსვლის წესების დარღვევა იქნება. მათ შორის, მხარეები ყურადღებას გაამახვილებენ საქართველოს მოქალაქეების მიერ თავშესაფრის დაუსაბუთებლად მოთხოვნის შემთხვევების ზრდაზე.