პოლიტიკა
ნატოს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთის შეკავების პოლიტიკის გაგრძელებას და, ამავე დროს, მოსკოვთან დიალოგის შენარჩუნებას ითხოვს

     საქართველო, 30 მაისი, საქინფორმი. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებმა დასკვნით დეკლარაციაში საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციას მხარდაჭერა გამოუცხადეს.

დოკუმენტში, რომელიც დეპუტატებმა ვარშავაში გამართული საგაზაფხულო სესიის ბოლოს მიიღეს, ასევე დაფიქსირებულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერა. ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები გმობენ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას.

„მოვუწოდებთ ნატოს წევრებს, ხაზგასმით აღნიშნონ ასპირანტი ქვეყნების წევრობის პერსპექტივა
, ამასთან, შეინარჩუნონ გაწევრიანების კრიტერიუმები. გააგრძელონ საქართველოს მტკიცე პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა ამ ქვეყნის ნატოსთან ინტეგრაციის პროცესში; განავითარონ და წინ წასწიონ საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესის პოლიტიკური ასპექტი; კიდევ ერთხელ დაგმონ რუსეთის მიერ ყირიმის არალეგალური ანექსია, დესტაბილიზაცია აღმოსავლთ უკრაინაში, ასევე, საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაცია. მოკავშირეებმა უნდა დაადასტურონ საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უპირობო მხარდაჭერა“, – ნათქვამია ნატოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ დამტკიცებულ დოკუმენტში.

დეკლარაციაში ნატოს საპარლამენტო ასამბლეა რუსეთის შეკავების პოლიტიკის გაგრძელებას და, ამავე დროს, მოსკოვთან დიალოგის შენარჩუნებას ითხოვს.