აქტუალური
პირლო, გატუზო, ბუფონი და ფეხბურთის სხვა ვარსკვლავები - კახი კალაძის ფეისბუქლაივი „სან სიროდან“ (ვიდეო)

     საქართველო, 23 მაისი, საქინფორმი. მილანში, „სან სიროზე“ იტალიელი ფეხბურთელის ანდრეა პირლოს გამოსამშვიდობებელი მატჩი გაიმართა, რომელშიც თბილისის მერი კახ კალაძეც მონაწილეობდა.

თამაშის დაწყებამდე კახი კალაძემ „სან სიროდან“ ფეისბუქლაივი ჩართო, რომელშიც მატჩის წინა სამზადისი და სტადიონზე შეკრებილი მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები ჩანან, მათ შორის ანდრეა პირლო, მილანის ამჟამინდელი მწვრთნელი ჯენარო გატუზო, პაოლო მალდინი, რონალდო, ანდრ შევჩენკო, „იუვენტუსის“ ლეგენდა ჯიჯი ბუფონი, რომელმაც კლუბი ორი დღის წინ დატოვა, კრისტიან ვიერი, ფილიპო ინძაგი, პატო (ვიდეო იხ. აქ).

საღამო მშვიდობის. ახლა ვიმყოფები ანდრეა პირლოს გამოსამშვიდობებელ თამაშზე და ძალიან სასიამოვნო გარემოა. ძალიან მიხარია, რომ მომეცა შესაძლებლობა, ჩემს მეგობრებთან ერთად, ადამიანებთან, ვისთანაც 10 წლის განმავლობაში, თუ რაიმე წარმატებას შეიძლება მიგვეღწია, ყველაფერი მოვიგეთ, ნამდვილად მიხარია, რომ კიდევ ერთხელ მომეცა შესაძლებლობა, ჩემს მეორე სახლში დავბრუნებულიყავი, „სან სიროზე“, ქალაქ მილანში, სადაც ჩემი ყოფილი თანაგუნდელები არიან შეკრებილები და ცოტა ხანში დაიწყება ეს შეხვედრა“, – აღნიშნა კალაძემ.

მან ასევე მადლობა გადაუხადა გულშემატკივრებს „მილანის“ შემადგენლობაში თამაშის პერიოდში გამოჩენილი თანადგომისთვის.

ნამდვილად ძალიან სასიამოვნო გარემოა და მგონია, რომ ფეხბურთის თამაშიც იქნება ძალიან საინტერესო. ვიცი, რომ ძალიან ბევრი გულშემატკივარი უყურებს ჩვენს ამ ჩართვას მილანიდან. მინდა, ყველას მივესალმო და კიდევ ერთხელ მადლობა მოვახსენო იმ მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის, რასაც თითოეული თქვენგანი იჩენდით, როდესაც მე მილანის შემადგენლობაში ვთამაშობდი. ეს იყო ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ამას ძალიან ვაფასებ“, – აღნიშნა კახი კალაძემ.