უცხოეთი
მაიკ პომპეო - ჩვენი გულწრფელი გზავნილი დღეს ასეთია, აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს, მხარდაჭერა ურყევია და ასე გაგრძელდება

     საქართველო, 22 მაისი, საქინფორმი. ამერიკის შეერთებული შტატების გულწრფელი გზავნილი დღეს ასეთია, აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს, ეს მხარდაჭერა ურყევია და ასე გაგრძელდება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა გიორგი კვირიკაშვილს საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავი მიულოცა.
„როგორც გასული წლის ივლისში ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა თბილისში განაცხადა, ჩვენ თქვენთან ვართ, თქვენს გვერდით ვართ, ამაყები ვართ ამ მეგობრობით და სტრატეგიული პარტნიორობით თქვენს ხალხთან. მოხარული ვარ, რომ დღეს ვატარებთ ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის მეშვიდე სესიას. ეს წელი ასევე მნიშვნელოვანია კიდევ ერთი მიზეზით, 2018 წელს 10 წელი ხდება რუსეთის საქართველოში შემოჭრიდან. ამერიკის შეერთებული შტატები ერთმნიშვნელოვნად გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას. რუსეთის ძალადობრივი შეჭრა საქართველოში არის საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების აშკარა დარღვევა, ეწინააღმდეგება გაერო-სა და ჰელსინკის დებულებებს. რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიები – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია”, – განაცხადა პომპეომ.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
„ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და გაიყვანოს შეიარაღებული ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე, ასევე, უკან გაიწვიოს საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ ტერიტორიებად აღიარება”, – განაცხადა პომპეომ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს შეხვდა.