პოლიტიკა
რა აკავშირებს საქართველოს პრემიერ-მინისტრს რუსეთის დუმის დეპუტატთან? - ღია წერილი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს

     ბატონო ბიძინა!


დღეს აშშ-ს სათავეში უდგას ბიზნესმენი, რომლის ქონება, თუ „Forbes“-ს დავუჯერებთ, თქვენსაზე ნაკლებია, მაგრამ რომელიც, თქვენგან განსხვავებით, ქველმოქმედებას არ ეწევა. აშშ-ის გამოსვლამ ირანთან ბირთვული შეთანხმებიდან დაადასტურა, რომ აშშ - ნატოს მთავარი ძალა და სპონსორი - ევროპის დაცვას აღარ აპირებს, მითუმეტეს - უფასოდ. აგრეთვე, ის არ იბრძოლებს „დემოკრატიისთვის“ მთელ მსოფლიოში: „ახლო აღმოსავლეთის კამპანიამ ამერიკის ბიუჯეტი 7 ტრილიონი დოლარით დააცარიელა. ასეთივე წარმატებით შეგვეძლო, ეს ფული ფანჯრიდან გადაგვეყარა! მარტო წელს ევროკავშირის გულისთვის ჩვენ დავკარგეთ 151 მილიარდი დოლარი! ეს არ განმეორდება“, - ნანობს ტრამპი.

შექმნილ ვითარებაში ნატოსა და ევროკავშირის წამყვანი წევრი ქვეყნების - გერმანიის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ლიდერებმა განაცხადეს, რომ აშშ-ის იმედი აღარ უნდა ჰქონდეთ და დადგა დრო, თვითონ იზრუნონ საკუთარ უსაფრთხოებაზე. ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა კი განაცხადა: „ტრამპის ცოტა ხნის წინანდელი გადაწყვეტილებების ფონზე ვიღაცას შეუძლია თქვას, რომ ასეთი „მეგობრების“ ხელში მტრებიც კი აღარ გვჭირდება... მაგრამ თუ გულწრფელები ვიქნებით, ევროპა პრეზიდენტ ტრამპის მადლიერი უნდა იყოს იმისთვის, რომ ილუზიებისგან გავთავისუფლდით!“.

ბატონო ბიძინა!

იქნებ დადგა დრო, ილუზიებისგან საქართველოც გათავისუფლდეს, რომელსაც აშშ თავის N1 სტრატეგიულ პარტნიორად მიაჩნია, ნატოსკენ ისწრაფვის, ევროკავშირისკენ ისწრაფვის, თანაც ეს ყველაფერი ერთდროულად ხდება? დაიცავს კი აშშ საქართველოს, თუკი დაცვაზე ევროკავშირის ქვეყნებს - ნატოს წევრებსაც კი პრაქტიკულად უარს ეუბნება? და პირიქით, უზრუნველყოფს თუ არა ნატო საქართველოს უსაფრთხოებას აშშ-ის გარეშე, თუკი ევროკავშირის ზემოხსენებული წამყვანი ქვეყნები - ნატოს წევრები, როგორც ცნობილია, ალიანსში საქართველოს მიღების წინააღმდეგი არიან? მიუხედავად იმისა, რომ დღეს საქართველო „შავი ზღვის რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში“ მონაწილეობს, ნატოსთან და აშშ-სთან ერთობლივ სწავლებებს ატარებს და თავის ტერიტორიაზე ერთობლივ სასწავლო ცენტრებს ხსნის, მონაწილეობს ნატოს ოპერაციაში ავღანეთში, თავდაცვაზე მშპ-ის 2%-ზე მეტს ხარჯავს, შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის შეიარაღება, სტრუქტურა და სწავლება ნატოს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანა? აქტიურად ფუნქციონირებენ ნატოს სამოკავშირეო ოფისი და ნატო-საქართველოს კომისია: კიდევ რა კომპონენტებია აუცილებელი, რომ ქვეყანა ალიანსის წევრად ჩაითვალოს და რა „სიკეთეების“ იმედი შეიძლება ჰქონდეს ნატოსგან საქართველოს ოფიციალურად გაწევრიანების შემთხვევაში? პატარა საქართველო ნატოს და აშშ-სთვის უსაფრთხოების მიწოდებელია რეგიონშიც, ავღანეთშიც, მაგრამ შეუძლია თუ არა საქართველოს, თვითონ იზრუნოს საკუთარ უსაფრთხოებაზე ისე, როგორც ევროპის ზემოხსენებული წამყვანი ქვეყნები აპირებენ?

ბატონო ბიძინა!

ჩემთვის ცნობილი არ არის, აპირებს თუ არა მმართველი პარტია „ქართული ოცნება“, რომლის დამფუძნებელი და თავმჯდომარე თქვენ ბრძანდებით, ზემოთ ჩამოთვლილი საკითხები უახლოეს პოლიტსაბჭოზე განიხილოს. სამაგიეროდ, ვიცი, რომ ხელისუფლების ზოგიერთმა წარმომადგენელმა შექმნილი საერთაშორისო ვითარებიდან თავისთვის შესაბამისი დასკვნები გამოიტანა და ცდილობს ან უკვე დაამყარა კონტაქტი რუსეთის ფედერაციასთან.

მაგალითად, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა გასულ კვირას განსვენებული ჟვანიას სტილში წინასაარჩევნო პიარსვლა გააკეთა და განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერთან შეხვედრაზე ოცნებობს. დიახ, ახირებულ მარგველაშვილს პუტინისკენ ნაბიჯი მაშინ რომ გადაედგა, როდესაც რუსეთის პრეზიდენტი შეხვედრას თვითონ სთავაზობდა, და ამ შეხვედრის შედეგად რამისთვის მიეღწია, მაშინ ოქტომბერში მას შანსი ექნებოდა, საქართველოს პრეზიდენტი მეორედ გამხდარიყო. დღეს კი გრიგორი კარასინის პირით მას ამგვარი განზრახვების არასერიოზულობაზე მიუთითეს: თეორიულად, რა თქმა უნდა, შესაძლებელია ყველა დონის შეხვედრა, მათ შორის - უმაღლესი, თუმცა ამისთვის დიდი მომზადებაა საჭირო“, - ასეთი კომენტარი გაუკეთა მარგველაშვილის „ოცნებას“ რფ-ის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

ბატონო ბიძინა!

2013 წელს თქვენ რუსეთის ფედერაციასთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობა და სატრანსპორტო მიმოსვლა აღადგინეთ, ამიტომ არ გაგვკვირვებია, როდესაც 11 მაისს, „ქართული ოცნების“ მე-5 ყრილობაზე განაცხადეთ, რომ „ნაწილობრივ უკვე შეძელით რუსეთთან ურთიერთობის დეესკალაცია“ და იმედი გაქვთ, რომ „საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით რუსეთი და საქართველო შეძლებენ ერთმანეთის მოსმენას და დიალოგის რეჟიმზე გადასვლას, რაც ჩვენი სახელმწიფოებრივი ამოცანების ნაბიჯ-ნაბიჯ მიღწევის პერსპექტივებს შექმნის“.

ვინაიდან ამას წინ უძღოდა ბელარუსის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი (25 მარტს), ჩვენ ვივარაუდეთ, რომ ერთ-ერთ საერთაშორისო პარტნიორად ალექსანდრე ლუკაშენკოს გულისხმობდით. „იქ პრემიერი 75%-ით რუსი ადამიანია“, - თქვა ლუკაშენკომ ვიზიტის შემდეგ ბელორუსულ მედიასთან ინტერვიუში, იგულისხმა რა პრემიერი კვირიკაშვილი, რომელსაც რუსი ბებია ჰყავდა. „მასთან ერთად ვიჯექი მაგიდასთან, ქართულ ღვინოს ვაგემოვნებდით... ადამიანი გაიხსნა და თითქმის აცრემლებულმა დამიწყო ლაპარაკი რუსეთის მიმართ თავის დამოკიდებულებაზე, - გაიხსენა ლუკაშენკომ და დასძინა - მაგრამ განა ჩვენ მას მოვუსმინეთ?“.

„რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი არ არის კონფლიქტი ქართველ და რუს ხალხებს შორის. პირდაპირ ვთქვათ, ეს არის კონფლიქტი ხელისუფლებებს შორის. საჭიროა ორივე მხრიდან ამბიციებიდან დისტანცირება და ნორმალური ურთიერთობის დამყარება, უთანხმოებების მიუხედავად, რომლებიც ყოველთვის იქნება“, - განაცხადა ლუკაშენკომ და საქართველოს ხელისუფლებს მედიატორის როლში თავისი დახმარება შესთავაზა.

თუმცა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, „პატრიოტთა ალიანსის“ კვალდაკვალ, პირდაპირი კონტაქტის დამყარება ამჯობინა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის დეპუტატთან, მოძრაობა „რუსეთის უკვდავი პოლკის“ თანათავმჯდომარესთან ნიკოლაი ზემცოვთან.

ბატონო ბიძინა!

მინდა, შეგახსენოთ რფ-ის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის რეაქცია საქართველოს პარლამენტის ოპოზიციური ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ სამი დეპუტატის პირველ შეხვედრაზე სახელმწიფო დუმის დეპუტატთან რუსეთის კომპარტიის ფრაქციიდან, სახელმწიფო დუმის დსთ-ს საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან კავშირის კომიტეტის თავმჯდომარესთან ლეონიდ კალაშნიკოვთან. „რაც შეეხება პარლამენტარებს შორის კონტაქტებს, ჩვენ მხოლოდ მხარს ვუჭერთ. ჩვენ გვაქვს არხი საგარეო საქმეთა სამინისტროს და რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში სპეცწარმომადგენელ ზურაბ აბაშიძის ხაზით. მზად ვართ სხვა ფორმატებისთვის, რომლებიც ორივე მხარისთვის მისაღები იქნება“, - განაცხადა 2017 წლის 12 ივლისს რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა და ამით ხაზი გაუსვა, რომ ეს მხოლოდ ქართველ პარლამენტართა ჯგუფის კერძო ინიციატივა იყო. ამავე დროს ლავროვმა აღნიშნა ოფიციალურ დონეზე რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის მოგვარების აუცილებლობა: „ერთმანეთს უნდა ველაპარაკოთ და გადაწყვეტილება ვეძებოთ“, - ხაზი გაუსვა რუსმა მინისტრმა.

მართლაც, რატომ აირჩია კვირიკაშვილმა პარტნიორად დუმის დეპუტატი, და არა რუსი კოლეგა დმიტრი მედვედევი? გასულ კვირას ოპოზიციურმა პარტიამ „პატრიოტთა ალიანსმაც“ კი გამოთქვა „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობის სურვილი, იმიტომ რომ მმართველი პარტიის გარეშე სახელმწიფოთაშორისი პრობლემები არ გადაიჭრება. რუსეთში კი მმართველი პარტიაა „ედინაია როსია“, რომლის ლიდერი - რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინია, და არა ზიუგანოვი ან ჟირინოვსკი.

ჟირინოვსკი შემთხვევით არ გამხსენებია - სახელმწიფო დუმის დეპუტატმა რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიიდან, საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ სლუცკიმ საქართველოში საეჭვო ნაცნობები გაიჩინა და მათ „მშვიდობის ფონდის“ ხაზით ეხმარება.

ჩვენ კარგათ გვახსოვს, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის აღდგენის ყველა კერძო მცდელობამ - ქართული წარმომავლობის რუსი ბიზნესმენების მხრიდანაც და ოპოზიციაში გადასული ქართველი პოლიტიკოსების მხრიდანაც, რომლებსაც ადრე უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობები ეკავათ - ფიასკო განიცადა, რაც მოსალოდნელი იყო.

ბატონო ბიძინა!

ყურადღება მიაქციეთ სკანდალური მოვლენების ქრონოლოგიას:

თავიდან საქართველოში „რუსეთის უკვდავი პოლკის“ ორი წარმომადგენელი ჩნდება, რომელთაგან ერთი საქართველოს ომის ვეტერანებისა და სამხედრო ძალების ცენტრალური კავშირის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელად ინიშნება (?!).

შემდეგ, 9 მარტს პრემიერი კვირიკაშვილი რუსეთის ფედერაციის უმაღლეს ხელმძღვანელობას მიმართავს მოწოდებით, „გონივრული, თუნდაც მცირე ნაბიჯები გადადგან იმისთვის, რომ საქართველო-რუსეთის ურთიერთობა მოჯადოებული წრიდან გამოიყვანონ“ და „დღევანდელი დღისა და მომავალი თაობების წინაშე პასუხისმგებლობის გაცნობიერებით ერთობლივი ზომები მიიღონ“, რათა ცხინვალის ციხეში დაღუპული არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს გადაეცეს.

როგორც ცნობილია, ოფიციალურმა მოსკოვმა კვირიკაშვილს რფ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის სარკასტული განცხადებით უპასუხა, რამაც ქართველ პრემიერს კიდევ ერთხელ უბიძგა დუმის დეპუტატთან კონტაქტისკენ. 17 მარტს - კვირიკაშვილის ზემოთ ნახსენები მიმართვიდან 1 კვირის შემდეგ, როდესაც ტატუნაშვილის ცხედარი ჯერ ქართული მხარისთვის გადმოცემული არ არის - საქართველოში „უკვდავი პოლკის“ წარმომადგენელი, უკვე საქართველოს ომის ვეტერანებისა და სამხედრო ძალების ცენტრალური კავშირის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის რანგში, წერილს სწერს რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატს, „რუსეთის უკვდავი პოლკის“ თანათავმჯდომარეს ნიკოლაი ზემცოვს, რომელშიც ამ უკანასკნელს თბილისში ჩამოსვლას სთხოვს, როგორც ჩანს - პრემიერ კვირიკაშვილთან შესახვედრად.

რამდენად მორალურია, როდესაც საქართველოს ომის ვეტერანებისა და სამხედრო ძალების ცენტრალურ კავშირში, რომელიც, ძირითადად, აფხაზეთსა და სამაჩაბლოში საომარი მოქმედებების მონაწილეებს აერთიანებს, რუსეთიდან დაფინანსებას ელოდებიან ან უკვე მიიღეს - ამაზე მსჯელობის სურვილი არ გამაჩნია...

შემდეგ. კვირიკაშვილისა და ზემცოვის შემდგარ კონტაქტს ჩანაწერი ადასტურებს, რომელიც ამ უკანასკნელმა თავის ფეისბუქგვერდზე 27 მარტს გააკეთა: „დიდ სამამულო ომში გამარჯვების 73-ე წლისთავისათვის დაგეგმილია ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში 350 ათასი ხის დარგვა“.

ბატონო ბიძინა!

პრემიერმა კვირიკაშვილმა, რომელმაც შარშან ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში უპრეცედენტო მასშტაბის ხანძრის დროსაც კი უარი თქვა რუსეთის ფედერაციისგან დახმარების - საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თვითმფრინავისა და მაშველების - მიღებაზე, რა მოსაზრებებიდან გამომდინარე დართო „რუსეთის უკვდავ პოლკს“ 350 ათასი ხის შეძენის, საქართველოში ჩამოტანის და ამავე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში დარგვის ნება? ყველაზე მოკრძალებული გამოთვლით, ამ „ქველმოქმედების“ ღირებულება მილიონ დოლარს ბევრად აღემატება. იქნებ ხარჯების ნაწილი კვირიკაშვილის თხოვნით ქართულმა მხარემ იკისროს „ТВС ბანკის“ სახით? როგორც გვახსოვს, შარშანდელი ხანძრის შემდეგ მამუკა ხაზარაძე ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის აღდგენას - დამწვრების ნაცვლად ახალი ხეების დარგვას დაგვპირდა.

თუკი კვირიკაშვილის ზემცოვთან თანამშრომლობის თაობაზე რაიმე ეჭვები რჩებოდა, ისინი საბოლოოდ გაქრა მას შემდეგ, რაც 10 მაისს „უკვდავი პოლკის“ ოფიციალურ საიტზე გამოჩნდა ინფორმაცია, რომ „თბილისში „უკვდავი პოლკის“ მსვლელობაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა“. რადგანაც არავითარი „უკვდავი პოლკის“ მსვლელობა არც თბილისში და არც არსად საქართველოში არ ყოფილა, 14 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრს მივმართე თხოვნით - დაედასტურებინა ან უარეყო ეს ფეიკი, რასაც კვირიკაშვილისგან რეაქცია არ მოჰყოლია. ამავე დროს, ლუკაშენკოს ზემოთ მოყვანილმა ფრაზამ კვირიკაშვილის რუსული ფესვების შესახებ მყისვე გამოიწვია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ბრაზიანი საპასუხო განცხადება.

და სულ ახალი ფეიკი „РИА Новоссти“-საგან, რომელიც 15 მაისს იუწყებოდა, რომ „საქართველოში „უკვდავი პოლკის“ გეოგრაფია გაფართოვდა კიდეც“ და რომ „საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ ნება დართო, მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ჯარისკაცების პატივსაცემად ბორჯომ-ხარაგაულის ნაკრძალში ხეები დაირგას“.

16 მაისს კი შვეიცარიაში, ჟენევაში, „უკვდავი პოლკის“ კონფერენციაზე, რომლის მოდერატორი ნიკოლაი ზემცოვი იყო და რომელშიც საქართველოში „უკვდავი პოლკის“ ორი წარმომადგენლიდან ერთ-ერთი მონაწილეობდა, აღინიშნა, რომ „“უკვდავი პოლკი“ პანაცეაა ფაშიზმისგან, რომელიც ქართველებს ყოფილმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ჩაუნერგა“. როგორც ИА REGNUM იუწყებოდა, ხაზი გაესვა, რომ „“უკვდავმა პოლკმა“ გაგება პოვა საქართველოს მთავრობაში, რომელმაც ქვეყნის ყველა ქალაქში მსვლელობის უფლება მისცა“.
საქართველოს მთავრობისგან უარყოფა, როგორც უკვე მიხვდით, ამჯერადაც არ ყოფილა...

ბატონო ბიძინა!

გაოცებას იწვევს, რომ კვირიკაშვილში „რუსულმა ფესვებმა“ ასე გვიან გამოიღვიძა და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ის მმართველი პარტიის თავმჯდომარის პოსტიდან გაუშვეს... რაც შეეხება რუსეთის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ოფიციალური თუ „უჰალსტუხო“ შეხვედრის ორგანიზაციას - უეჭველია, კარგად მოგეხსენებათ, ვის შეუძლია, ამაში რეალური დახმარება გაგიწიოთ.

ღრმა პატივისცემით,

“საქინფორმის” მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი

2018 წლის 21 მაისი
საქართველო, თბილისი