საზოგადოება
მეუფე შიო: ნარკოტიკი არის დიდი ცოდვა, შხამი და ბოროტება! სულ უფრო მეტად გაისმის ანტიოჯახური ღირებულებების დაკანონების მოწოდებები...

     საქართველო, 18 მაისი, საქინფორმი. პატრიარქის თანამოსაყდრის, მეუფე შიოს განცხადებით, მსვლელობაზე თითქმის ყველა ეპარქიის წარმომადგენელი იმყოფება.

ამის შესახებ მეუფემ შიომ ქაშუეთის ეკლესიიდან სამების საკათედრო ტაძრის მიმართულებით მსვლელობის დაწყებამდე განაცხადა.

მრავალშვილიანი ოჯახები დავლოცეთ და მათ სამების ტაძარში გადაეცემათ სიგელები. ჩვენთვის ოჯახის სიწმინდე არის მთავარი ღირებულება და ასეა არა მხოლოდ ქრისტიანებისთვის, არამედ ტრადიციული რელიგიებისთვის, რადგან როცა ღმერთმა შექმნა ადამიანი, შექმნა ოჯახად. ხშირად ამბობენ, რომ ოჯახი არის ინსტიტუტი, ოჯახი ინსტიტუტი არ არის, ეს არის ღმერთის მიერ შექმნილი ყოფიერების ფორმა. ამიტომ ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ამ სიწმინდის დაცვას”, – განაცხადა მეუფე შიომ.

მისივე თქმით, ოჯახი არის ერის ამაღლების, გაძლიერების და სულის გადარჩენის საწინდარი. ოჯახის დანგრევის სტატისტიკა არის საგანგაშო და სულ უფრო მეტად გაისმის მოწოდებები ანტიოჯახური ღირებულებების დაკანონებისა.

როგორც მეუფე შიომ აღნიშნა, ამაღლების დღესასწაული ოჯახის სიწმინდის დღეს დაემთხვა. მეუფემ აღნიშნული დღის დადგენისთვის პატრიარქს მადლობა გადაუხადა და ოჯახის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

ამაღლების დღესასწაული დაემთხვა ოჯახის სიწმინდის დღეს, რომელიც მისმა უწმინდესობამ დაგვიდგინა, როგორც ეროვნული ზეიმი და ჩვენ ყველანი მას მადლობას ვუხდით ამისთვის. როგორც არასდროს, ისე იყო საჭირო ოჯახის სიწმინდის დაცვის დღე, ვინაიდან ოჯახის დანგრევის სტატისტიკა არის საგანგაშო, სულ უფრო მეტად გაისმის მოწოდებები ანტიოჯახური ღირებულებების დაკანონებისა და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი შემაშფოთებელია. ამიტომაც დღეს ჩვენ ვიკრიბებით, რომ დავიცვათ ოჯახის სიწმინდე, ოჯახური ღირებულებები“, – აღნიშნა პატრიარქის თანამოსაყდრემ.

მეუფის შეფასებით, საჭიროა ნარკოდამოკიდებული ადამიანების მკურნალობა და დახმარება.

ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ იმ ადამიანების მკურნალობა, დახმარება, ვინც არის დამოკიდებული, მაგრამ თავად ნარკოტიკი არის დიდი ცოდვა, შხამი და ბოროტება. ლეგალიზებაზე იყო საუბარი, ეს ყოვლად დაუშვებელია, პირველ რიგში, ოჯახს ანგრევს თუნდაც, ოჯახის ტრაგედიას ქმნის და ოჯახებს გვინგრევს. ამიტომ ამას უნდა შევეწინააღმდეგოთ“, – აღნიშნა მეუფე შიომ.


საქინფორმი