ჯერ კიდევ საპროტესტო რეჟიმში ვიმყოფებით, მოთხოვნები ძალაშია, შსს-ში გამართული შეხვედრით კმაყოფილი არ ვარ - ბექა წიქარიშვილი
სამართალი
ჯერ კიდევ საპროტესტო რეჟიმში ვიმყოფებით, მოთხოვნები ძალაშია, შსს-ში გამართული შეხვედრით კმაყოფილი არ ვარ - ბექა წიქარიშვილი

     საქართველო, 17 მაისი, საქინფორმი. ჩვენ ჯერ კიდევ საპროტესტო რეჟიმში ვიმყოფებით, ველოდებით, რამდენად გამოიღებს შედეგს ეს შეხვედრები, დღევანდელი შეხვედრით კმაყოფილი არ ვარ, – ამის შესახებ „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წარმომადგენელმა ბექა წიქარიშვილმა შსს-ში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო არ აღიარებს, რომ ადამიანის უფლებები დაარღვიეს.

ჩვენ მივიჩნევთ, რომ იქ სპეცრაზმის შეყვანის აუცილებლობა არ იყო, შსს განსხვავებულად ფიქრობს. მე ვფიქრობ, სამინისტოს პასუხი არ არის მისაღები. ახლა ნარკოპოლიტიკის საკითხზე შეხვედრას ველოდები, ჩემთვის ეს ძალიან პრინციპული საკითხია.

ჩვენ ამ საკითხში ჯანდაცვის მინისტრის ჩართვა მოვითხოვეთ და მასთან გვაქვს ბევრი კითხვა. რომ გითხრათ, რომ კმაყოფილი ვარ დღევანდელი შეხვედრით, ეს ასე არ არის. შსს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას აიღებს იმ შემთხვევაში, თუ დაამტკიცებენ, რომ პოლიციის მხრიდან იყო ძალის გადამეტების ფაქტები. ჩვენ გვაქვს კადრები, ვაგროვებთ, ვაორგანიზებთ ამ საკითხს, რასაც შეისწავლის სახალხო დამცველიც და პროკურატურაც.

ვფიქრობ, 12 მაისის თემასთან დაკავშირებით ფორმატი ამოიწურა. გეგმებს რაც შეეხება, ჩვენ ჯერ კიდევ საპროტესტო რეჟიმში ვიმყოფებით, მოთხოვნები ძალაშია. ველოდებით, რამდენად გამოიღებს შედეგს ეს შეხვედრები, დღევანდელი შეხვედრით კმაყოფილი არ ვარ“, – განაცხადა ბექა წიქარიშვილმა.