მინდა, კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ ჩვენს ხელისუფლებასა და ჩვენს მოსახლეობას შორის კედელი არ არსებობს! - პრემიერი კვირიკაშვილი
პოლიტიკა
მინდა, კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ ჩვენს ხელისუფლებასა და ჩვენს მოსახლეობას შორის კედელი არ არსებობს! - პრემიერი კვირიკაშვილი

     საქართველო, 16 მაისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რუსთაველის გამზირზე 2-დღიან აქციას და მის შედეგებს ვრცელი კომენტარ მიუძღვნა:
«მინდა, ორიოდე სიტყვით შევეხო გასული ორი დღის მოვლენებს. ჩვენ არასოდეს ვიკავებთ თავს ჩვენს ახალგაზრდობასთან საუბრისგან და გუშინდელი დღე, განსაკუთრებით, ჩვენი ხელისუფლების ადამიანური ბუნების კიდევ ერთი დადასტურება იყო.
ძალიან მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ჩვენ გუშინ და გუშინწინ ქუჩებში ვიხილეთ სამართალდამცავები, პოლიცია, რომელიც ჩვენი მოქალაქეების, მომიტინგეების უსაფრთხოების დასაცავად ყველაფერს აკეთებდა. ჩვენ ვიხილეთ პოლიცია და სამართალდამცავი უწყებები, რომლებიც ემსახურებოდნენ საქართველოს და არა - ერთ რომელიმე პოლიტიკურ ძალას და მის ინტერესს. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი. ასევე, უნდა ითქვას ისიც, რომ ქუჩაში მდგომი მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა საშუალება მისცა სამართალდამცავებს, რომ მათ საკუთარი ფუნქცია აღესრულებინათ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
რაც შეეხება ნარკოპოლიტიკას, გუშინ იყო ამაზე საუბარი და გაიცა დაპირებებიც, რომ უახლოესი კვირების განმავლობაში, უახლოეს პერიოდში პარლამენტში გავა კანონპროექტის საბოლოო ვერსია, რომელიც ითვალისწინებს, ერთი მხრივ, მნიშვნელოვან ლიბერალიზაციას და გაცილებით უფრო ჰუმანურ დამოკიდებულებას მომხმარებლების მიმართ, მათ შორის სამედიცინო სერვისებით შევსებას, შესაბამისი ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციების კომისიების ჩამოყალიბებას, და ასევე - ძალიან მკაცრ მიდგომას ნარკორეალიზატორებისა და ნარკოტრაფიკის მიმართ, რასაც სახელმწიფო ვერასოდეს შეეგუება.
ასევე, ჩვენ ხვალ გვექნება შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მთავრობის წევრები, აუცილებლად - თბილისის მერი, პარლამენტარები, და ჩვენ ვისაუბრებთ ხელისუფლების კომპლექსურ გეგმაზე ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების, შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნისა დაა ხელმისაწვდომობის კუთხით. ეს იქნება კომპლექსური, საყოველთაო ჩართულობის გათვალისწინებით შედგენილი გეგმა, რომლის აღსრულებაში, დარწმუნებული ვარ, კერძო სექტორიც დიდი ენთუზიაზმით ჩაერთვება.
საერთოდ, მინდა ვთქვა, რომ მმართველმა გუნდმა იმუშავა მაქსიმალური, ძალიან კარგი კოორდინაციით. იყო როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების, ისე პარლამენტისა და თბილისის მუნიციპალიტეტის ჩართულობა, აბსოლუტურად ყველა იყო ჩართული. გუშინ კონკრეტულად მინისტრ გახარიას მიერ მიღებული გადაწყვეტილებები იყო ოპტიმალური იმ ვითარებაში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებოდით. მთელი ამ ორი დღის განმავლობაში პროცესში ძალიან აქტიურად იყო ჩართული კახი კალაძე, რა თქმა უნდა, პარლამენტის თავმჯდომარე და მეც. ჩვენ, ყველამ ერთად, პრაქტიკულად ორი დღე-ღამე გავათენეთ და შედეგად მივიღეთ ის, რომ თავიდან ავიცილეთ დაპირისპირება და მივიღეთ სწორი გადაწყვეტილებები. დანარჩენი მომავალ დღეებში გამოჩნდება».