პოლიტიკა
ყველა ვთანხმდებით, რომ ნარკორეალიზატორები ჩვენი საერთო პრობლემაა და როცა არსებობს დასაბუთებული ეჭვი, შსს-ს მოქმედების არეალს ვერავინ შეზღუდავს - გახარია

     საქართველო, 15 მაისი, საქინფორმი. „ჩვენ ერთმნიშვნელოვნად შევთანხმდით, რომ ნარკორეალიზაცია და ნარკორეალიზატორები არიან ამ ქვეყნის, ჩვენი ყველას ერთობლივი პრობლემა და მაშინ, როდესაც შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს დასაბუთებული და დადასტურებული ეჭვი ნარკორეალიზაციასთან დაკავშირებით, ვერავინ ვერ შეზღუდავს შსს- მოქმედების არეალს“, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრა იყო მნიშვნელოვანი და სწორედ ამ პლატფორმაზე არის შესაძლებელი საუბრის გაგრძელება.

ეს არის პლატფორმა, რომელზეც ჩვენ შემდგომ შეგვიძლია გავაგრძელოთ საუბარი. ამის შემდგომ ჩვენ შეგვიძლია, ბევრ ერთობლივი ინტერესებიდან გამომდინარე შეთანხმებას მივაღწიოთ, მაგრამ ეს არის ის პლატფორმა, რომელზეც ჩვენ უნდა ვისაუბროთ. ეს არის პირველი შეთანხმება და ძალზე მნიშვნელოვანი ჩვენთვის“, – აღნიშნა გახარიამ.

შს მინისტრის თქმით, ამის შემდეგ ერთად განიხილება ყველა საკითხი, მათ შორის 12 მაისის სპეცოპერაციასთან დაკავშირებული დეტალები.

ამის შემდგომ, როგორც გუშინ აღვნიშნე, ჩვენ ვართ მზად, განვიხილოთ ყველა საკითხი და ყველა კითხვის ნიშანი, რომელიც არსებობს. განსაკუთრებით პარასკევის ღონისძიებასთან დაკავშირებით და დავპირდით ჩვენს სტუმრებს, რომ დეტალურად განვიხილავთ მათთან ერთად, იყო თუ არა პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევები“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.