პოლიტიკა
ნარკოდანაშაულთან ბრძოლა უნდა წარმოებდეს არა ნარკომომხმარებლების, არამედ ნარკოდისტრიბუტორების მიმართულებით – საქართველოს პრეზიდენტი

     საქართველო, 15 მაისი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად - არის თუ არა ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის შვილის ბერა ივანიშვილის კლიპები არაფორმალური მმართველობის გამოვლინება.

ნება მომეცით, არ დავიწყო მუსიკალური ნაწარმოებების შეფასება. მარტივად გეტყვით შემდეგ ორ მომენტს. პირველიარაერთხელ გამისვამს ხაზი იმისთვის, რომ ნარკოპოლიტიკა ქვეყანაში უნდა იყოს ბევრად უფრო ლიბერალური. მეორე, ნარკოდანაშაულთან ბრძოლა უნდა წარმოებდეს არა ნარკომომხმარებლების მიმართულებით, არამედ ნარკოდისტრიბუტორების მიმართულებით. ჩვენ ვნახეთ, რომ დაკავებულია რვა ადამიანი ნარკორეალიზაციის ბრალდებით. ბრალდების შინაარსი გვესმის, ხომ? თუ ეს ბრალდება დამტკიცდა, ისინი არიან ქუჩის დილერები.

ამ შემთხვევაშიც და ყველა სხვა შემთხვევაშიც, ნარკოტიკთან ბრძოლა უნდა წარმოებდეს არა დილერიდან მომხმარებელზე, არამედ დილერიდან ორგანიზატორზე, შემომტანზე და ზევით. ეს უნდა იყოს გამოძიების მიმართულება და ასეთ შემთხვევაში ჩვენ რეალურად ნარკოდანაშაულზე გვექნება სერიოზული პასუხი“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, ნარკოტიკი არის კატასტროფა, ღუპავს მოქალაქეების დიდ ნაწილს და ამას აღიარება სჭირდება ყოველგვარი პოლიტიზაციის გარეშე.

ის, რომ ნარკოტიკი არის კატასტროფა და მას მიაქვს ან მყისიერად ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე, ან გარკვეული დინამიკით სოციუმს ჩამოაშორებს და ღუპავს დიდ ნაწილს ჩვენი მოქალაქეებისა, ამას სჭირდება აღიარება ყოველგვარი პოლიტიზაციის გარეშე. ამას სჭირდება კამპანია, რომელიც უნდა წარმოებდეს ნარკოტიკის წინააღმდეგ. კამპანია უნდა აწარმოონ არა ჩემნაირმა ადამიანებმა, არა რაღაც ჯგუფებმა, რომლებსაც იმდენად აქტიურად არ შეესვლებათ ამ ახალგაზრდობის გულებში, არამედ კამპანია უნდა აწარმოონ სწორედ ამ ხელოვნების წარმომადგენლებმა. იმ მუსიკოსებმა, იმ მხატვრებმა, იმ სოციუმმა, რომელიც თანამედროვე ენაზე ლაპარაკობს.

მე ვფიქრობ, რომ რაღაცნაირად ამ თვალსაზრისით ჩვენ გამოვალთ ინიციატივით, რომ კლუბური მუსიკის, ელექტრონული მუსიკისამ ხელოვნების წარმომადგენლებს მივცეთ შესაძლებლობა, რომ ანტინარკოტიკული კამპანია აწარმოონ. რადგან ფაქტი, რომ ნარკოტიკი ცუდია, ყველამ იცის, მაგრამ შენ მათთვის გასაგებ ენაზე, იმ კულტურაში უნდა შეიტანო ეს კამპანია და ამ კამპანიას აწარმოებდნენ ქლაბერები, ის ხალხი, ვინც იმ სფეროში ტრიალებს. ეს უნდა იყოს ანტი drug კამპანია, რომელსაც რაღაც ფორმით ჩვენ მივცემთ შესაძლებლობას, რომ განხორციელდეს”, – განაცხადა მარგველაშვილმა.