აქტუალური
ქართველ პოლიციელს უფლება ექნება, შეაჩეროს ევროკავშირში მიმავალი მოქალაქე, თუ მას დოკუმენტაცია წესრიგში არ ექნება

     საქართველო, 14 მაისი, საქინფორმი. თუ საქართველოს მოქალაქეს შენგენის ზონაში შესასვლელად ვალიდური დოკუმენტი არ აქვს, პოლიციელს მისი შეჩერების უფლება ექნება“, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა და ვიზალიბერალიზაციის რეგულაციებთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტის ერთ-ერთმა თანაავტორმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
ვიზალიბერალიზაციის რეგულაციებთან დაკავშირებით მომზადებული კანონპროექტის მთავარი მიზანია, საქართველოს სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე პოლიციელები იგივე უფლებით აღიჭურვონ, რომელიც შენგენის ზონაში მესაზღვრე პოლიციელებს აქვთ.
თუ მოქალაქეს ვალიდური დოკუმენტი არ აქვს, რომელიც გამგზავრების მომენტიდან მინიმუმ სამი თვე ქმედითია, ასევე წამსვლელი მოქალაქე ვერ ასაბუთებს, სად მიდის და უკან როდის ბრუნდება, ამ შემთხვევაში პოლიციელი აღიჭურვება შეჩერების უფლებით, რაც ევროკავშირში მესაზღვრე-პოლიციელსაც აქვს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
რაც შეეხება კანონპროექტის იმ ნაწილს, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქალაქეების ქვეყნიდან უკანონო გადაყვანა დასჯადი ხდება, როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, ეს ცვლილებები ემიგრაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს არ ეხებათ.
რაც შეეხება სისხლის სამართლის ნაწილს, ეს ცვლილებები ემიგრაციაში მყოფ ჩვენს თანამოქალაქეებს არ ეხებათ. შესაბამისად, ჩანაწერი, რომელმაც სხვადასხვა ინტერპრეტაციები გამოიწვია და საზღვარგარეთ ჩვენს თანამოქალაქეთა წესების დარღვევით ყოფნის ხელშეწყობას ეხება, მთლიანად ამოღებული იქნება და მეორე მოსმენაზე გადამუშავებულ ვერსიას წარვადგენთ“, – განაცხადა თალაკვაძემ.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა აღნიშნა, ჯერ კიდევ გრძელდება მსჯელობა საკითხზე, რა დოკუმენტებით და როგორ უნდა დაადასტუროს საზღვარზე საქართველოს მოქალაქემ, რომ სამშობლოში აუცილებლად დაბრუნდება.
ჯერ კიდევ ვმსჯელობთ კრიტერიუმებზე, როგორ უნდა დაასაბუთოს საქართველოს მოქალაქემ, რომ სამშობლოში დაბრუნდება. კომიტეტზე შემოთავაზება იყო სამგზავრო ბილეთთან დაკავშირებით, რომ საქართველოში დაბრუნების დასადასტურებლად ბილეთი, შესაძლოა, ერთადერთი აუცილებელი დოკუმენტი არ იყოს. რა დოკუმენტები შეიძლება დაემატოს აუცილებლად წარსადგენი საბუთების ჩამონათვალს, ამაზე მსჯელობას ვაგრძელებთ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ვიზალიბერალიზაციის რეგულაციებთან დაკავშირებული კანონპროექტი, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.
უვიზოდ მოგზაურობის შესაძლებლობის არაკეთილსინდისიერად გამოყენების პრევენციისთვის პარლამენტში სპეციალურ კანონს მიიღებენ. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით, პრინციპების დონეზე განიხილეს და მხარი დაუჭირეს „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“ და „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს.