უცხოეთი
თეთრი სახლის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მაკკეინის აზრი გასათვალისწინებელი არ არის, რადგან ის „მაინც კვდება“

     საქართველო, 14 მაისი, საქინფორმი. თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა საერთაშორისო შეხვედრის დროს სენატორ ჯონ მაკკეინის ტვინის სიმსივნესთან დაკავშირებით დამცინავი განცხადება გააკეთა, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ამერიკულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
მედიასაშუალების ცნობით, თეთრი სახლის კომუნიკაციების ოფისის სპეციალურმა ასისტენტმა, კელი სადლერმა განაცხადა, რომ მაკკეინის კრიტიკა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ CIA-ის თანამდებობაზე წარდგენილ კანდიდატზე ყურადღებამისაქცევი არ არის, რადგან ის მაინც დაიღუპება.
„ყურადღებას ნუ მიაქცევთ, ის მაინც კვდება“, – განაცხადა სადლერმა.
Reuters-ის ცნობით, თეთრი სახლის წარმომადგენლის ამ რეპლიკას „ტვიტერში“ გამოეხმაურა მაკკეინის მეუღლე, სინდი მაკკეინი.
„ნება მომეცით, შეგახსენოთ, რომ ჩემს მეუღლეს ყავს ოჯახი, შვიდი შვილი და ხუთი შვილიშვილი“, – წერს სინდი მაკკეინი „ტვიტერზე“.
მაკკეინს ტვინის სიმსივნის აგრესიული ფორმა აქვს. დიაგნოზი სენატორს ერთი წლის წინ დაუსვეს.
Reuters-ი The Washington Post-ზე დაყრდნობით წერს, რომ თეთრი სახლის სპიკერმა სადლერის რეპლიკასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას ასე უპასუხა:
„ჩვენ პატივს ვცემთ მაკკეინს და ვაფასებთ მის მიერ ქვეყნისთვის გაწეულ სამსახურს“.
81 წლის ჯონ მაკკეინი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ხშირად აკრიტიკებს.
რამდენიმე დღის წინ, მან სენატორებს მოუწოდა, ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს (CIA) ხელმძღვანელის თანამდებობაზე დონალდ ტრამპის მიერ წარდგენილი ჯინა ჯასპელისთვის მხარი არ დაეჭირათ.

1tv.ge