უცხოეთი
ილჰამ ალიევი ფაშინიანს პასუხობს - აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა მოლაპარაკების თემა არ არის და არასდროს იქნება

     საქართველო, 14 მაისი, საქინფორმი. აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა მოლაპარაკების თემა არ არის და არასდროს იქნება, – ასე გამოეხმაურა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, სომხეთის ახლად არჩეული პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებას.
ფაშინიანი ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებისთვის, აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან მოლაპარაკების დასაწყებად მზაობა გამოთქვა, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ მოლაპარაკებებს არაღიარებული მთიანი ყარაბაღის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.
„ჩვენი პრინციპული პოზიცია სომხეთ-აზერბაიჯანის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით უცვლელია. აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა სრულად და უსიტყვოდ უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ამას მოითხოვს სამართლიანობა და საერთაშორისო სამართალი. მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის განუყოფელი ნაწილია” – განაცხადა ილჰამ ალიევმა ჰეიდარ ალიევის დაბადებიდან 95-ე წლისთავის აღსანიშნავად გამართულ ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

1tv.ge