საზოგადოება
300 ახალი სამუშაო ადგილი - საქართველოში თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელი ქარხანა ATC (Aero-Structure Technologies Cyclone) გაიხსნა, რომელიც სამხრეთ კავკასიაში პირველია

     საქართველო, 11 მაისი, საქინფორმი. ქარხნის გახსნის ოფიციალურ ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის, პარლამენტის, ადგილობრივი ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსისა და ბიზნესწრეების, ასევე, ისრაელის მთავრობის წარმომადგენლები დაესწრნენ.
გახსნის ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საწარმოს მთავარი დანადგარი, ავტოკლავი აამუშავა. მან დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. სტუმრებს საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემაც მიმართა.
ქვეყანაში ფუნქციონირებას იწყებს მაღალტექნოლოგიური, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი თვითმფრინავების კომპოზიტური ნაწილების მწარმოებელი ქარხანა, რომელიც ქართული პროდუქციით მსოფლიოს ავიაინდუსტრიის წამყვან კომპანიებს მოამარაგებს. ეს ნიშნავს იმას, რომ საერთაშორისო დონის კომპანიები საქართველოს ნდობას უცხადებენ, ჩვენი ქვეყანა კი მსოფლიო ავიაბაზრის რუკაზე საკუთარ ადგილს იმკვიდრებს. ეს სერიოზული სიგნალია ინვესტორებისთვის და მნიშვნელოვანი ფაქტორია საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის“, – განაცხადა დავით საგანელიძემ და აღნიშნა, რომ საწარმოში დასაქმებულთა მინიმუმ 90 პროცენტი საქართველოს მოქალაქე იქნება.
„საპარტნიორო ფონდისა“ და ისრაელის კომპანია Elbit Cyclone-ის ერთობლივი ქარხანა პირველ პროდუქციას 2019 წლის დასაწყისში გამოუშვებს, მას შემდეგ, რაც სერტიფიცირებას გაივლის.
საქართველოში წარმოებული პროდუქციის მომხმარებლები მსოფლიო ავიაინდუსტრიის მსხვილი მოთამაშეები იქნებიან: „ბოინგი“, „ბომბარდიერი“, „ეარბასი“ და სხვა. ქარხანაში წარმოებული პროდუქციის 100% ექსპორტზე იქნება ორიენტირებული. სრული წარმადობის მასშტაბზე გასვლის შემდეგ (მე-5 წელი) საწარმოს წლიური გაყიდვები 60 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბებს.
„საპარტნიორო ფონდისა“ და ისრაელის კომპანია Elbit Cyclone-ის ერთობლივი პროექტის საინვესტიციო ღირებულება 93 მილიონი აშშ დოლარია. კომპანიაში დღეისთვის 80-მდე თანამშრომელია დასაქმებული. ქარხნის სრულად დატვირთვის შემდეგ კი 300 ადამიანის დასაქმება იგეგმება. საწარმოში სამოქალაქო თვითმფრინავების კომპოზიტური დეტალები, მათ შორის, აეროდინამიკური ზედაპირი, კარი და სხვა ნაწილები დამზადდება.