პოლიტიკა
პრეზიდენტობის ყველა კანდიდატმა ნათლად უნდა უთხრას საზოგადოებას, მორჩილი იქნება, თუ თავისუფალი! - გიორგი მარგველაშვილი

     საქართველო, 11 მაისი, საქინფორმი. სააკაშვილის ე.წ. ავლაბრის სასახლის ირგვლივ ვნებათაღელვა ახალ ძალებს იკრებს, რაზეც გუშინ საქინფორმი იუწყებოდა. „პრეზიდენტობის ყველა კანდიდატმა ძალიან ნათლად უნდა უთხრას საზოგადოებას, მორჩილი იქნება თუ თავისუფალი!“ – ასე უპასუხა საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტების შეკითხვას - ა.წ. ოქტომბერში არჩეული საქართველოს ახალი პრეზიდენტი უწინდებურად თბილისის ცენტრში, ავლაბარში მდებარე მდიდრულ საპრეზიდენტო რეზიდენციაში იმუშავებს თუ ახალ ოფისში გადავა.
„მე ვთქვი რამდენიმე თვის წინაც, რომ ეს იქნება საარჩევნო თემა. მე ვფიქრობ, რომ პრეზიდენტობის ყველა კანდიდატმა ძალიან ნათლად უნდა უთხრას საზოგადოებას – იქნება ის მორჩილი თუ იქნება ის თავისუფალი“, – განაცხადა პრეზიდენტმა და იგულისხმა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ „მორჩილება“ მისი დამფუძნებლის - მილიარდერ ბიძინა ივანიშვილისადმი.
ამასთან, გიორგი მარგველაშვილმა არ უპასუხა შეკითხვას, აპირებს თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას მეორე ვადით.